"პური და სანახაობა" - კვირის პალიტრა

"პური და სანახაობა"

"უწოდეთ ამას "მილანის" ეფექტი". 90-იან წლებში "მილანის" ლიბერიელმა ვარსკვლავმა, თავდამსხმელმა ჯორჯ ვეამ პრეზიდენტად იყარა კენჭი. "მილანის" უკრაინელმა გოლეადორმა, ანდრეი შევჩენკომ ახლახან მიატოვა საფეხბურთო კარიერა, რომ პოლიტიკაში წასულიყო. ქართველმა მცველმა, კახა კალაძემ, რომელიც 2001-2010 წლებში იცავდა კლუბის ღირსებას, ბუცები კედელზე ჩამოკიდა და შარშან დეკემბერში შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას".

ხომ არ ჩააგონა ფეხბურთელებს პოლიტიკაში წასვლა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც კლუბის პრეზიდენტიცაა? კალაძეს, შესაძლოა, ბერლუსკონის სიმტკიცე  დასჭირდეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ივლისის ბოლოს მისი საბანკო ანგარიშები გაყინა. "ამასთან, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესების დაჯარიმებას "პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის" დარღვევისთვის, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მიიღეს. გასულ კვირას 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმის გადაუხდელობას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვა.

ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის უმალ დაიწყო ლაპარაკი, - ორ წელიწადში ქართულ დემოკრატიაში რევოლუციურ ცვლილებებს მოვახდენო. ახლახან კი განაცხადა, - "ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით მიდისო", თუმცა, ცოტა ქართველმა თუ იცის, რა აქვს მას გუნებაში. სააკაშვილი კიდევ უფრო გულუხვია. 2003 წელს, ""ვარდების რევოლუციამდე"" ცოტა ხნით ადრე, თავის კამპანიას მან უწოდა ""უკანასკნელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის"". რამდენიმე წლის შემდეგ პირობა დადო, ფოთი დასავლეთ საქართველოში საპორტო ქალაქი და ""შავი ზღვის დუბაი" იქნებაო".

"ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ განაპირობა რიგითი ქართველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილების ზრდა. და მაინც, მაშინ, როცა ეკონომიკა წარმატებულია (მშპ 7%-ით გაიზარდა), სახელმწიფოს ეკონომიკური რეფორმები საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე საქართველოში. ორივე მხარის შემოთავაზებები, ისეთი, როგორიცაა: 1.000-ლარიანი ვაუჩერი თითოეული ოჯახისთვის, თუ ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევა, გაზრდილი პენსიები - ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის ხერხს უფრო წააგავს. მთავრობა ამბობს, - უკვე ვამარცხებ უმუშევრობასო, თუმცა ახალჩამოყალიბებულ დასაქმების სამინისტროს, რომელიც აქტიურად აღრიცხავს უმუშევრებს, მათ დასახმარებლად გამოკვეთილი გზა არ გააჩნია. მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევს სხვადასხვა პარტიას თავიანთი დაპირებებისთვის. ბატონ ივანიშვილს შეეძლო ბიუჯეტის სუბსიდირება თავისი ქონებით, თუმცა ეს არ წაადგებოდა საქართველოს გრძელვადიან პოლიტიკურ განვითარებას.

ფინანსური პასუხისმგებლობა - ნებისმიერი კარგი ხელისუფლების მახასიათებელია, მაგრამ ეს არჩევნებში გამარჯვების მოსურნე არც ერთ მხარეს არ ახასიათებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არის ერთ-ერთი ნიშანდობლივი თემა საპარლამენტო არჩევნებზე. სააკაშვილმა 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-4 წლისთავზე, განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს "საქართველოს "შიგნიდან დასუსტებას" და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბატონი ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. მაშინ, როდესაც ქართველთა უმრავლესობა გმობს რუსეთ-საქართველოს შორის განხეთქილებას, სააკაშვილი დაჟინებით აცხადებს, რუსეთთან დაზავება შეუძლებელიაო. ამის საპირისპიროდ, ივანიშვილი შიშობს, რომ ამჟამინდელი გზა საქართველოს "კავკასიურ კუბად" აქცევს. ივანიშვილი იძლევა დაპირებას, რომ შეწყვეტს "ცივი ომის" რიტორიკას და დაიწყებს მტკიცე, მაგრამ პრინციპულ დიალოგს რუსეთთან, თუმცა არავინ იცის, ამას როგორ გააკეთებს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 3.300.000 ამომრჩეველი დაარეგისტრირა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.

"კომისია ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება. თუმცა ქართველებმა უნდა მოახერხონ, რომ ორივე მხარის საარჩევნო დაპირება კარგად გაიაზრონ, თორემ ამას უფრო დიდი იმედგაცრუება მოჰყვება.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი