"ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს თბილისში - კვირის პალიტრა

"ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს თბილისში

ოთხი წლის წინ საქართველოს და რუსეთს ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ომი ჰქონდათ. თითქმის ერთ კვირაში საქართველო  დამარცხდა, ხოლო რუსეთმა განამტკიცა კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელთაც სახელმწიფოთა უმეტესობა, მათ შორის აშშ-ც, საქართველოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამ ომს დღესაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკის, ასევე ამერიკულ-ქართული ურთიერთობებისთვის. მალე საქართველოში 2012 წელს საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელთაც უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ ამ ქვეყნის მომავლისათვის, არამედ კარგა ხნით განსაზღვრავს აშშ-ის როლს და პოზიციას რეგიონში. ის, არსებითად, 2008 წლის ქართულ-რუსული ომის ჩრდილქვეშ ტარდება. ომის შემდგომ წლებში საქართველოს მთავრობამ დაკარგა თავისი წარსული იდენტობა.

ქვეყნის სათავეში მდგარი თვალნათელი დემოკრატები ცდილობდნენ ევროპული ტიპის დემოკრატიის აშენებას იმ სივრცის შუაგულში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. ახლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კიდევ ერთი ნახევრად ავტორიტარული რეჟიმია, ისეთი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად შერჩევითად აღსრულებულსა და შექმნილ კანონებზე, რეპრესირებულ მედიაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და დაშინებაზე დგას. ასეთი მიდგომები აქამდე კარგად მუშაობდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ), საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ასე იყო 2008-2010 წლების არჩევნებში, მაგრამ წელს სხვა ვითარებაა. პირველად ენმ-ის მთავარ ოპონენტს გააჩნია იმის რესურსი, რომ საპასუხო შეტევაზე გადავიდეს. ეს ყველაფერი უმდიდრესი ქართველი კაცის, ბიძინა ივანიშვილის გამო ხდება.

საქართველოს ლიდერებმა უკვე იციან, რომ დასავლეთი ინფორმირებულია დემოკრატიის დეფიციტზე საქართველოში, ამიტომ მათ შეცვალეს სტრატეგია. ახლა ნაკლებად ცდილობენ დასავლეთს თავი დემოკრატებად მოაჩვენონ და საკუთარ რეპუტაციას უფრო იმაზე აგებენ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო ბასტიონს წარმოადგენენ. ამ მიდგომის ფარგლებშივე ცდილობენ, მილიარდერი ივანიშვილი იმის გამო, რომ ფული რუსეთში იშოვა, რუსეთის მარიონეტად წარმოაჩინონ. სააკაშვილის რეპუტაცია, როგორც ძლიერი ანტირუსული ძალისა, ძალიან მტკიცეა. ის მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება სურს; საქართველოს მთავრობის რიტორიკა ძალიან ანტირუსული და პროდასავლურია; მთავრობამ წარმატებით წამოიწყო დიპლომატიური კამპანია, რათა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მაც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც 2008 წელს დაკარგა, ოკუპირებულ ტერიტორიებად“მოიხსენიონ და ყველა შესაძლებლობას იყენებს რუსეთის ქმედებათა დასაგმობად. შესაბამისად, სააკაშვილის რიტორიკა ნამდვილად ანტირუსულია, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობის მიმართებას რუსეთთან უფრო შედეგებით შევაფასებთ, ვიდრე მხოლოდ რიტორიკით, ზედაპირზე სრულიად განსხვავებული სურათი ამოტივტივდება.

მიუხედავად მათი ზრახვებისა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიღო ისეთი შედეგები, რომელიც აშკარად შედის რუსეთის ინტერესებში. სააკაშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებაში 8 წელიწადზე მეტია არიან და რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის 20% წაიღო, ეს არის ვითარება, რომლის თვალსაწიერი მომავალში არ შეიცვლება და რამაც საქართველოს ლტოლვა ნატოსა და ევროკავშირისკენ თითქმის აუხდენელ ოცნებად აქცია. ძალიან რთული ეკონომიკური პერიოდების შემდეგ ქვეყანა უმუშევრობამ, ინფლაციამ და ვალების პრობლემამ მოიცვა და ეს ვითარება მომავალში უფრო სერიოზული გახდება. საქართველოს მთავრობა რუსეთისადმი შიშს ბასრ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც რუსულ შეთქმულებაზე ლაპარაკი ჩვეული რამაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი შეიძლება ყოფილიყო რუსული შეთქმულება საქართველოში. წარმოიდგინეთ, 2003 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გამოეგზავნა ვინმე, ვინც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა და ამავე დროს, ფარულად რუსეთის ინტერესებს განახორციელებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა, მაგრამ რომ მომხდარიყო, პატრონები კრემლიდან პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის სასარგებლოდ დაკარგვას დაავალებდნენ, რათა ზუსტად სცოდნოდათ, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში, საქართველოს ეკონომიკა სუსტი იქნებოდა, ხოლო ქვეყანაში პოლარიზაცია შენარჩუნდებოდა. ამ პრეზიდენტს იმასაც მოსთხოვდნენ, რომ რეგიონში ამერიკისადმი ნდობა შეესუსტებინა, ხოლო აშშ-ს რაც შეიძლება მეტი ფული დაეხარჯა საქართველოში.

სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ არის საიდუმლო რუსული გეგმის მონაწილე, მაგრამ ყველაფერი ეს საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა. სხვა დროს, როდესაც სააკაშვილი დასავლეთს განუცხადებს, რომ რუსეთი მისი მოსისხლე მტერია, გონივრული იქნებოდა დასავლელ პოლიტიკოსებს ეკითხათ, - თუ რუსეთს სააკაშვილის მსგავსი მტრები ჰყავს, მაშ, მეგობრობა რაღაა?

მაგრამ თუ უფრო სერიოზულად ვილაპარაკებთ, აშშ არ უნდა დასჯერდეს მარტოოდენ ქართული მთავრობის ანტირუსულ რიტორიკას და სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, თუ რა მოიგო რუსეთმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და რას მოიგებს აშშ საქართველოსადმი, მმართველი რეჟიმისადმი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისადმი განსხვავებული მიდგომის შემთხვევაში.

"ჰაფინგტონ პოსტი", აშშ