საქართველოს მშვიდობის გზა - კვირის პალიტრა

საქართველოს მშვიდობის გზა

რუსეთმა, საქართველომ და სომხეთმა ერევანში დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა გადაწყვიტეს. ამ ინფორმაციამ საქართველოში სენსაცია გამოიწვია. ინტრიგა უფრო გაამძაფრა ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინს და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა. თბილისში ჩამოსულმა კი განაცხადა, - თურმე საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს იწყებსო. ამ ცნობამ ქართული ოპოზიცია აღაშფოთა. ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრებმა ხელისუფლებას მოლაპარაკებების სრული ანგარიში მოსთხოვეს. ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა თქვა, - აუცილებლად უნდა გაირკვეს, რამდენად მიზანშეწონილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ტერორიზმის მხარდაჭერას აბრალებს და ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება თუ არა საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიო.

ოფიციალურ თბილისს თავის მართლება მოუხდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების ფაქტი უარყო: - ერევანში საქართველოსა და სომხეთის ექსპერტებმა კი მოილაპარაკეს, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლებთან არავითარი შეხვედრა არ გვქონიაო. მისმა შეფმა გრიგოლ ვაშაძემ კი განაცხადა, - მეგობარი სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით საქართველო მზად არის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გასახსნელადო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაირკვა, რომ მოლაპარაკებები ერევანში მაინც გამართულა, მაგრამ განსაკუთრებული სქემით. ქართველ დიპლომატებს (რომელთაც ამ უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი მეთაურობდა), სომხეთის წარმომადგენლებთან ჰქონდათ დიალოგი, ისინი კი მოლაპარაკებების შესახებ საზღვრის მოწყობის რუსეთის სააგენტოს თანამშრომელს აწვდიდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი კვლავ ქართველ კოლეგებს ხვდებოდნენ. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს ზემო ლარსის თაობაზე "ტექნიკური კონსულტაციების" ფაქტი - პრაქტიკულად შეთანხმებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ახლა პასუხს თბილისისგან ველით. შეხვედრები ერევანში ჩატარდა, რადგან ამ პუნქტის გახსნაში ყველაზე მეტად სომხეთია დაინტერესებულიო, - დააზუსტეს რფ-ის საგარეო ურთიერთობათა უწყებაში.

სომხეთი მართლაც დიდი ხანია ცდილობს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის მიღწევას. თბილისზე ზემოქმედებისთვის ერევანმა ვაშინგტონიც ჩართო. აშშ-მა საქართველოს მხრიდან საზღვრის ახალი გამშვები პუნქტის ასაშენებლად 2,5 მლნ დოლარი გადაიხადა. ეტყობა, სწორედ აშშ-ის ზეწოლით გადაწყვიტა თბილისმა ერევანთან მოლაპარაკებების გამართვა.

ითქვა, საქართველო ზემო ლარსის გახსნისთვის თავის პირობებს აყენებსო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მოხელის ცნობით, თბილისი ამას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ რუსეთი მოხსნის აკრძალვას ქართულ ღვინოზე, "ბორჯომსა" და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. მაგრამ რუსეთის საგარეო უწყება ამ ცნობას უარყოფს. "თბილისს ჩვენთვის დამატებით არაფერი მოუთხოვია. საქართველოს მიმართ კვლავ ძალაშია სავაჭრო შეზღუდვა, რომელიც თავის დროზე რუსეთის "მთავარმა სანიტარმა" გენადი ონიშჩენკომ დააწესა", - ამბობენ სამინისტროში. მიუხედავად ამისა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ემბარგო უსათუოდ შესუსტდება. ამ შემთხვევაში საზღვრის გახსნა აგვისტოს ომის შემდეგ პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამოსაკეთებლად.