საინფორმაციო ბრძოლა იწყება - კვირის პალიტრა

საინფორმაციო ბრძოლა იწყება

საქართველოსა და რუსეთს შორის ინფორმაციული ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ახალი წლიდან თბილისში ამუშავდება პირველი კავკასიური ტელეარხი, რომელიც, საქართველოს გარდა, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებშიც იმაუწყებლებს. რუსულმა მხარემ კი ინტერნეტში ახალი თამაში შეუშვა - "სააკაშვილის ცხინვალიდან განდევნა".

საქართველო რუსეთს იდეოლოგიურ კვანტს უმზადებს. ახალი სატელევიზიო არხი "პირველად კავკასიური" რუსულენოვანი იქნება და საქართველოს სამთავრობო საზოგადოებრივი ტელეარხის ბაზაზე შეიქმნება. იოლი მისახვედრია, რას ილაპარაკებს "პირველად კავკასიური" რუსეთზე.

რუსულენოვანი ტელევიზია საქართველოში 2006 წელს შეიქმნა - "ალანია", რომელიც თბილისიდან სამხრეთ ოსეთზე მაუწყებლობდა, მაგრამ მაინცდამაინც დიდი გავლენა არ მოუხდენია სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაზე. ახლა, ეტყობა, მეორე მცდელობა უფრო დიდ არეალზე გავრცელდება. ამისათვის სერიოზულად ემზადებიან. "ალანიის" ჟურნალისტთა ნაწილი ახალ ტელევიზიაში გადავა. ამბობენ, "პირველად კავკასიურზე" ჩეჩნეთის განსვენებული პრეზიდენტის ქვრივის, ალა დუდაევას მიწვევა აქვთ განზრახულიო. კადრების მოსამზადებლად თბილისში გადაბარგებას აპირებს ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი ოლეგ პანფილოვი. ყოველკვირეულ გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში პანფილოვმა თქვა, რომ მალე თბილისში გადავა საცხოვრებლად და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ მათთვის მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიციების მიტანა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსულენოვან ეროვნულ უმცირესობებამდე. ამ თვალსაზრისით ასეთი არხის შექმნა სასურველი იქნება. ჩვენი იდეების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგ რუს პოლიტიკოსს ეს გააღიზიანებს.

"საქართველოს ჩართვა იდეოლოგიურ ბრძოლაში პაროდია და იდიოტიზმია. ასეთი პროპაგანდა რეგიონში დესტაბილიზაციის გარდა არაფერს მოიტანს", - აცხადებს პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი.

ისე, ქართულ მედიაში ამას წინათ ინფორმაცია გავრცელდა - ბორის ბერეზოვსკი ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვას აპირებს ჩრდილო კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის საინფორმაციო მხარდაჭერისთვისო...