კრემლი ეჭვობს... - კვირის პალიტრა

კრემლი ეჭვობს...

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, დმიტრი როგოზინმა რადიო "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში სასტიკად გააკრიტიკა აშშ-ის ქართული პოლიტიკა. "საქართველო კავკასიაში ჩვენი თავის ტკივილიაო", - განაცხადა.

კითხვას, როგორი იქნება მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა, თუ აშშ უკრაინასა და საქართველოში სამხედრო ბაზებს განათავსებსო, რუსმა ელჩმა უპასუხა, - რამდენიმე დღის წინ ობამას ადმინისტრაციის ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, - ვაშინგტონი არ გეგმავს რამე სამხედრო ბაზის განთავსებას ამ ქვეყნებშიო. ის, როგორც ჩანს, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს გულისხმობდა. ვერშბოუ ამას წინათ საქართველოში იყო მოლაპარაკებებზე და რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა. მართალია, ვერშბოუმ თქვა, ობამას ადმინისტრაცია არ გეგმავს ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე სამხედრო ინსტალაციებსო, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას სურს, საქართველო იყოს მისი ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის დაცვა.

როგოზინი და რეალურად მთელი რუსული ისტებლიშმენტი, როგორც ჩანს, საგონებელშია ჩავარდნილი შეერთებული შტატების მომავალი კონტაქტებით საქართველოსთან. "აღარ ვიცით, რას დავუჯეროთ, რადგან გასულ თვე-ნახევარში ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ, - თქვა მან და დასძინა, - რუსულ მხარეს ერჩივნა, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას ამ საკითხში მეტი სიცხადე შეეტანა".

რუსეთის მთავარი საწუხარი, ეტყობა, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის აღმასვლაა, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ერთ-ერთი საფუძველია. ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი წვრთნები ჩვეულ ამბად იქცა. სულ ბოლო ღაპიდ ღესპონსე 2009 ამას წინათ თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ საუკეთესოდ აღჭურვილ სამხედრო ბაზაში, ვაზიანში ჩატარდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე ივალდებულა, ითანამშრომლოს  საქართველოსთან სამხედრო დაგეგმვისა და წვრთნების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ წვრთნების მიზნად ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციებისთვის  ქართული ჯარის მომზადება დასახელდა (თბილისს განზრახული აქვს, იქ ჯარი დეკემბერში გაგზავნოს), რუსეთის რეაქცია ელვისებური და კრიტიკული იყო, რამაც ცხადყო, თუ როგორი ეჭვით უყურებს ის საქართველოში ამერიკელი სამხედროების როლს. როგოზინის თქმით, "ნებისმიერი სამხედრო აქტივობა რუსეთის საზღვართან მოსკოვს აშფოთებს, განსაკუთრებით თუ მასში ამერიკული არმიაა ჩართული". მან დასძინა, რომ ნატო და რუსეთი შეთანხმდნენ, ურთიერთშორის ნდობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის შესახებ. ჩანს, რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი საქართველოში ამერიკის ჯარის ყოფნა იქნებოდა, რაც სამუდამოდ მოუჭრიდა გზას მოსკოვის გეოსტრატეგიულ მისწრაფებებს, პრივილეგირებული გავლენის ზონებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, რომლის ჩაშლასაც მოსკოვი საქართველოში შეჭრით ცდილობდა, რუსეთმა აქაც ვერ მიაღწია სანატრელ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნატოში საქართველოს გაწევრება ახლა უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე ეს რუსეთის აგრესიისას იქნებოდა, ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას. რუსული მედია იტყობინება, რომ ვერშბოუს აზრით,”ძნელია თქმა, როდის შევა საქართველო ნატოში. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამავე დროს, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერა საქართველოს არჩევანისადმი ნატოს თაობაზე, არ შეცვლილა. ქართულმა მედიამ გადმოსცა ნატოს სპიკერის, ჯეიმს აპატურაის სიტყვები, - ალიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის გამოსწორება არ შეაფერხებს უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსო. მოსკოვი კი თავგამოდებით ცდილობს, თბილისი დააბრუნოს თავის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე. საქართველო ახლა რუსეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე ოდესმე. 2008 წლის აგვისტოს ომმაც კი ვერ მოუტანა მოსკოვს ის შედეგი, რომელსაც ელოდა - რეჟიმის შეცვლას, რასაც თბილისის ხელისუფლებაში პრორუსული ძალის მოსვლა უნდა მოჰყოლოდა, ან მთელ საქართველოში არასტაბილურობისა  და ანარქიის დაწყებას. საქართველო გამოვიდა მოსკოვის ეგიდით მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობიდან, გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 2009 წლის იანვარში მოვლენები კიდევ უფრო მოულოდნელად წარიმართა - საქართველომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. იმ დროს, როდესაც რუსეთმა პროდუქტებზე ეკონომიკური ემბარგოს მეშვეობით საქართველოსთან თანდათან შეამცირა ვაჭრობა, სავაჭრო ურთიერთობები თურქეთთან, აშშ-თან, ნატოსა და ევროპის ქვეყნებთან აღმავლობის გზაზეა, რამაც თბილისი მოსკოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორბიტას უფრო დააშორა.