"გრუ" ახალ ომს ვარაუდობს - კვირის პალიტრა

"გრუ" ახალ ომს ვარაუდობს

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ("გრუ") ხელმძღვანელები მედიასთან იშვიათად საუბრობენ, მაგრამ გასულ ხუთშაბათს, სადაზვერვო სამსახურის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, რფ-ის ყოვლისშემძლე დაზვერვის ახალმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ შლიახტუროვმა განაცხადა, საქართველომ შესაძლოა კვლავ შეუტიოს სამხრეთ ოსეთსო და ნატოს წევრი ქვეყნები დაადანაშაულა, - საქართველოს იარაღით კვლავ ამარაგებენო. "საქართველოსთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დაძაბულია, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლება არა მხოლოდ უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ცდილობს ამ ქვეყნების თავის იურისდიქციაში მოქცევას. ამას დაუმატეთ სააკაშვილის მთავრობის არაპროგნოზირებადი ხასიათი, რომელსაც შეუძლია ამ ჯიუტი რესპუბლიკების მოსათვინიერებლად ძალის გამოყენების ცდუნებას აჰყვეს, როგორც ეს შარშან მოხდა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების ასეთ განვითარებას", - ამბობს რუსეთის უდიდესი სადაზვერვო სამსახურის მეთაური, რომლის აგენტებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ და რუსეთის შიგნითაც ათასობით სპეცრაზმელი ჰყავს. შლიახტუროვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთევროპელი ნატოს ახალი წევრები საქართველოს საბრძოლო მასალებით ამარაგებდნენ, ისრაელი უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდა, ხოლო მძიმე არტილერია და ანტისარაკეტო სისტემა - უკრაინამ გადასცა. შარშანდელი ომის დროს "გრუ"-ს ჯარები საქართველოს წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძოდნენ. "საქართველო აღადგენს თავის სამხედრო პოტენციალს უცხოეთიდან მიღებული სამხედრო აღჭურვილობითა და შეიარაღებით, მათ წარმატებით შეუძლიათ ახალი ავანტიურის წამოწყება", - დასძინა სამხედრო დაზვერვის შეფმა.