ფიქრები საქართველოზე - კვირის პალიტრა

ფიქრები საქართველოზე

რატომ არ უნდა აჰყვეს საქართველოს პრეზიდენტი ავტორიტარიზმის ცდუნებას?

პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ერთ-ერთ სამხრეთამერიკელ დიქტატორზე თქვა, - ძაღლიშვილი კია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო. იმ დროს ეს განცხადება საკმაოდ დესტრუქციული აღმოჩნდა, რადგან შეაფერხა დემოკრატიის განვითარება რეგიონებში, რომლებმაც დასავლეთს მისი ორმაგი სტანდარტები დღემდე ვერ აპატიეს. ახლა ეს თითქმის შეუძლებელია. დემოკრატიულ ქვეყნებს სულ უფრო უჭირთ, მხარი დაუჭირონ იმ ქვეყნებს და ლიდერებს, რომლებიც თავისუფლებას უარყოფენ და დემოკრატიას ზღუდავენ.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის კეთილგანწყობა ჯერ არ დაუკარგავს. მან წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის "ვარდების რევოლუციაში". ამ პატარა ქვეყნის პრეზიდენტი პირველად 2004 წელს, ხელმეორედ კი - 2008 წელს გახდა. ამ ხნის განმავლობაში დაიწყო იმ ტოტალური კორუფციის ამოძირკვა, რომელმაც დაამახინჯა ქვეყანა, ასევე ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რათა გაეთანაბრებინა საქართველო დასავლური დემოკრატიებისთვის. ამიტომ თუ მის კავკასიელ მეზობლებთან ბიზნესის წარმოებას ყველა გაურბის, საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელ ადგილად მიიჩნევა.

თუმცა ამ ქვეყნის დიდი პრობლემა მისი არასტაბილური და სადავო რეგიონები, რუსეთთან სიახლოვე და მასთან ურთიერთობაა. 2008 წელს რუსეთის არმიამ მხარი დაუჭირა გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონს, რასაც საქართველოს მოსალოდნელი მარცხი მოჰყვა. ხუთდღიანმა ომმა დასავლეთს და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაამწვავა, შეაშფოთა რუსეთის სხვა პატარა მეზობლები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ის მეთოდები, რომელსაც მოსკოვი მოსაზღვრე ქვეყნებთან ურთიერთობისას იყენებს.

ასე რომ, საქართველოს დემოკრატიულ პრეზიდენტს უამრავი საზრუნავი აქვს, თუმცა ამ პატარა და ხმაურიანი ქვეყნის მართვასთან ერთად, მისი ერთ-ერთი საზრუნავი თანამდებობიდან დროული წასვლა უნდა იყოს. გაისად (2013) სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა მთავრდება. ბოლო რამდენიმე წელია გაჩნდა შიში იმისა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიზანიც პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდა იყო, ის პუტინის ნაბიჯის გამეორებას გეგმავს და შესაბამის მომენტში ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაინაცვლებს.

გარდა ამისა, არსებობს დამაჯერებელი პრეტენზიები, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს მთავრობამ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფო მედიასაშუალებები და ადმინისტრაციული რესურსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ახლა, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიცია ჩივის, რომ პრეზიდენტი და მისი პარტია, მათი ფონდების კონფისკაციით, ძირს უთხრიან ოპოზიციის არჩევნებში ბრძოლის შესაძლებლობას. რუსეთიდან კი აშკარა კმაყოფილება იგრძნობა იმით, რომ მათი მტერი ახლა სწორედ მათსავით შეირცხვენს თავს.

ქართული ოპოზიცია საკმაოდ უცნაურია. მის სათავეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუსეთში გამდიდრდა და რომლის პირადი ქონებაც, როგორც ამბობენ, საქართველოს ეკონომიკის წლიური მოცულობის ნახევრის ტოლია. ეს სერიოზული რესურსია.

მაგრამ საქართველოს რეპუტაციაც და დასავლეთში მისი მხარდაჭერაც ცალსახად დამოკიდებულია იმაზე, რომ მან უნდა დაიცვას და განახორციელოს დემოკრატიის წესები. იმისთვის, რომ ბ-ნ სააკაშვილს და მის მემკვიდრეებს ჰქონდეთ სრულყოფილი მხარდაჭერა, მათ უნდა შემოგვთავაზონ უკეთესი რამ, ვიდრე არის მტკივნეული უკან დახევა ავტორიტარიზმისკენ და პოლიტიკური კორუფცია. ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ის აღქმული უნდა იყოს სამართლიან არჩევნებად.

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი