აფხაზეთი რუსეთის ავტონომია გახდება? - კვირის პალიტრა

აფხაზეთი რუსეთის ავტონომია გახდება?

რუსეთ-საქართველოს ომის ოთხი წლის თავზე "ლევადა-ცენტრმა" ძალიან საინტერესო გამოკითხვის მონაცემები გამოაქვეყნა: 25-დან 34%-მდე გაიზარდა აფხაზეთისა და 23-დან 35%-მდე სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მომხრე რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ეჭვის თვალით უყურებს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობას.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: იმავე "ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, გასული წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა რუსეთის მოქალაქეთა ნეგატიური განწყობა საქართველოსადმი: ახლა რფ-ის მოსახლეობის 43% დადებითად არის განწყობილი საქართველოსადმი (2011 წლის ივნისში 37% იყო). 59-დან 43%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც საქართველოს ნეგატიურად მოიხსენიებდა. 2011 წელს, სააგენტო "მედიუმ-ორიენტის" გამოკითხვით, აფხაზთა 24% მომხრეა, რომ აფხაზეთი რფ-ში შევიდეს ცალკე რესპუბლიკად, 73% - სრული დამოუკიდებლობის მომხრეა.

ამ მონაცემების გამოქვეყნებას წინ უძღოდა რუსული დიპლომატიის არანაკლებ საინტერესო და ერთი შეხედვით აუხსნელი ქმედებები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2012 წლის 9 ივლისის საპარლამენტო სესიაზე მიიღო რეზოლუცია "მდგომარეობა საქართველოში", სადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეწოდა "ოკუპირებული ტერიტორიები". ყველასათვის მოულოდნელად რუსეთის დელეგაციამ რეზოლუციის მიღებისას საწინააღმდეგო ხმა კი არ მისცა, არამედ თავი შეიკავა. ეს რუსეთის პოზიციის რევოლუციური ცვლილებაა; ფაქტობრივად, რუსეთის დელეგაცია დათანხმდა  იმას, რომ დასავლეთმა რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად აღიარა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ამ ფაქტს კრემლი უნდა შეეწუხებინა, რადგან ეს ამბავი მრავალ უსიამოვნებას უქადის, მაგრამ მას ასეთი ფორმულირების გაპროტესტება არ უცდია, პირიქით - მდუმარედ დაეთანხმა. ამასთან დაკავშირებით სამართლიანად საყვედურობს აფხაზი საზოგადო მოღვაწე ბესლან კომახია: "სრულიად გაუგებარია რფ-ის დელეგაციის პოზიცია, ეს რას ნიშნავს, თუკი რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "ოკუპაციას" აღიარებს, ე.ი. მათ სავსებით შეიცვალეს პოზიცია და, ლოგიკით, ამ გადაწყვეტილებას "დეოკუპაცია",M ანუ ამ რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გამოყვანა" უნდა მოჰყვეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "აღიარების" დღიდან დასავლეთს არაერთხელ გამოუთქვამს მტკიცე პოზიცია. ევროკავშირის მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ ჯერ კიდევ 2008 წლის 5 ნოემბერს თქვა, - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არ მოხდება, ეს აშკარააო. მიუხედავად ამისა, აქამდე დასავლეთი თავს არიდებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებისთვის "ოკუპაციის" დარქმევას, მაგრამ ბოლო დროს ევროკავშირისა და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობა "სეპარატისტულ რეგიონებში" რუსეთის ყოფნას ოკუპაციას უწოდებს. ეს "აუღიარებელი სახელმწიფოების ლეგალიზაციის" რუსეთის კამპანიის ერთადერთი სერიოზული შედეგია, ანუ, სახეზეა რუსეთის დიპლომატიის მნიშვნელოვანი მარცხი. ეტყობა, კრემლში მიხვდნენ, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო ახალშეძენილი სტატუსი - "ოკუპანტი ქვეყანა", რუსეთს სერიოზულ საერთაშორისო უსიამოვნებებს უქადის და... "ამბოხებული ტერიტორიების" მოშორება გადაწყვიტა... სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს რუსეთის მიერ კენჭისყრაში თავის შეკავებას, თუ არა ამის შესახებ საქართველოსადმი ან დასავლეთისადმი გაგზავნილ სიგნალს. თანაც ამ ისტორიული კენჭისყრის შემდეგ ამ საკითხში სიცხადე არავის შეუტანია, არც ოფიციალურ წყაროებს, არც ექსპერტებს. იმის მიხედვით, თუ რა მოხდება საქართველოში, არსებობს სიტუაციის განვითარების სამი გზა:

1. ყველაზე მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, საქართველო პროდასავლურ კურსს შეინარჩუნებს. მაშინ პერსპექტივაში რფ-ის და საქართველოს მთავრობის ურთიერთშეთანხებით აფხაზეთის გაყოფა იქნება შესაძლებელი. ამჟამად ქართველებით დასახლებული ტერიტორიები და აფხაზეთის ტერიტორიების ზოგიერთი სხვა ნაწილი დაუბრუნდება საქართველოს, დანარჩენი - რუსეთის მიერ იქნება ანექსირებული რფ-ის შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის რესპუბლიკის ან სხვა იურიდიული სტატუსით. რუსეთი სოხუმს ცოცხალი თავით არ დათმობს, სოხუმის სანაცვლოდ საქართველოს მისცემენ მთელ სამხრეთ ოსეთს და თანხმობას საქართველოს ნატოში შესვლის პროცესის დაწყებაზე. საქართველოს ხელისუფლება შეიძლება ამ შეთავაზებას დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდება, რომ რუსეთის ჯარების გაყვანის სხვა საშუალება არ არსებობს, და შემდეგი თაობებისთვის ამ მიწების საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი არქივს ჩაჰბარდება.

2. საქართველოში რეჟიმი პრორუსული ხდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შედის დსთ-სა და ახალ ევროპულ კავშირში, შესაძლებელი იქნება სამხედრო ბაზების დაბრუნება და შავი ზღვის პორტებში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განლაგება - ეს მთავარია, რაც რუსეთს სამხედრო სფეროში სჭირდება. ასეთი ვარიანტი შესაძლებელია ოპოზიციის გამარჯვებისას, მაგრამ მთლიანად ვერ გამოირიცხება სააკაშვილის ან მის მიერ დანიშნული მემკვიდრის პრორუსული შემობრუნებაც. მაშინ საქართველო დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, როგორც წამახალისებელ საჩუქარს. ერთი შეხედვით ეს მოულოდნელი ვარიანტია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ  სააკაშვილიცა და საქართველოს ყველა პრეზიდენტი თავის გზას პრორუსულ პოლიტიკოსად იწყებდა. სააკაშვილის პირველი ვიზიტი სწორედ მოსკოვში იყო.

3. ასეთი ვარიანტიც არსებობს: საქართველოს რუსეთისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, დასავლეთი, თურქეთის სახით (რომელსაც მერე სხვა ქვეყნებიც მიუერთდება), აფხაზეთს აღიარებს. რუსეთზე ძლიერი ზეწოლა მოხდება ჯარების გაყვანის მოთხოვნით, გაერომ შეიძლება რეზოლუციაც მიიღოს დეოკუპაციაზე. ამასთან სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა მიხედოს თავის თავს.

ისტორია, და მათ შორის პოსტსაბჭოთა, ამაზე უფრო წარმოუდგენელი სცენარების მოწმეა. მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი სერიოზული საბუთი არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "უტილიზაციის" პირველი ვარიანტის სასარგებლოდ. ბოლო ხანებში რუსმა ექსპერტებმა "რუსეთის კაპიტალის გლობალური და დამოუკიდებელი მანევრირების" მიზნით წამოაყენეს აფხაზეთში ოფშორული ზონის შექმნის იდეა, ანუ კრემლის კონტროლირებად ოფშორზე - ედემის ბაღზე, უფლებები მხოლოდ კრემლს ექნება და ამიტომ იქ სრულიად უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ფულის გათეთრება, დამალვა და ა.შ. ესაა ზღაპარი, რომელიც შეიძლება სინამდვილედაც იქცეს.

შორსმჭვრეტელი აფხაზი პოლიტოლოგები ამ ვარიანტს უკვე აპროტესტებენ, მაგრამ სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი, რომ ამ მსუყე საქმეში აფხაზების აზრს ვინმე ანგარიშს გაუწევს, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ოფშორმა ეფექტიანად იმუშაოს, აუცილებელია იგი მსოფლიო საზოგადოებამ აღიაროს. მაგრამ დღეს მოსკოვის ყველაზე არაკომპეტენტური პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვისაც კი ცხადია, რომ საქართველოდან განდგომილ და რფ-ის ჯარების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს საერთაშორისო აღიარება არ უწერიათ, რომ გასაღები საქართველოს ხელთაა და მისი თანხმობის გარეშე დედამიწაზე იმ ფინანსური სამოთხის შექმნა შეუძლებელია, ანუ უნდა გაუყოს რაღაც, ამ შემთხვევაში - თავისი "საზრუნავი" ობიექტის ტერიტორია.  ამიტომ, რადგანაც კრემლი და ცნებები: "მორალური პასუხისმგებლობა", "გრძელვადიანი სტრატეგია", "ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები" შეუთავსებელია, კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ჩაბარება" სავსებით რეალურია.

რა შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის საქართველოსთვის დაბრუნებას? თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი აღსრულებისთვის მოსკოვი წინასწარ დაიწყებს საფუძვლის მომზადებას, გამოიყენებს სპეცსამსახურებს და აფხაზეთის საკვანძო პოსტებზე მყოფი პოლიტიკოსების მიმართ ინდივიდუალურ ზეწოლას განახორციელებს. მაგრამ თუ აფხაზ ხალხს და მის ხელმძღვანელობას დამოუკიდებლობა სურთ, ამ სცენარის აღსრულება გაძნელდება ან შესაძლოა, ჩავარდეს კიდეც. აფხაზებმა თავიდანვე უნდა დაიკავონ ხისტი პოზიცია - განაცხადონ, რომ რუსეთმა აფხაზეთს უღალატა და ჯარების გაყვანა მოითხოვონ. თუ აფხაზებსა და რუსეთის ძალებს შორის შეტაკება მოხდება, ეს მთელ კავკასიას შეაზანზარებს. დაიწყება საპროტესტო აქციები. პირველ რიგში ჩერქეზები აღდგებიან, მათ სხვა ეთნოსებიც შეუერთდებიან. თუ სისხლი დაიღვრება, ეს სამხრეთ კავკასიის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს და კრემლს უკან დახევას აიძულებს. მაგრამ თუ აფხაზებს თავიდანვე მკაცრი პოზიციის დაკავების ძალა არ ეყოფათ, კრემლი თავის ჩანაფიქრს აისრულებს და პროტესტსაც იოლად ჩაახშობს. გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის შემადგენლობაში (თუნდაც ნაწილობრივ) შესვლას მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვეს. აფხაზეთის ელიტის წარმომადგენლებს ხომ თანხმობისთვის "მსუქანი ლუკმა" ერგებათ, "ოფ-შორული სამოთხის" გეგმის რეალიზაციისას კი ღვეზელიდან თავის წილსაც მიიღებენ. პუტინისთვის კი ეს სცენარი თითქმის ერთადერთი შესაძლებლობაა, თავისი ხალხის თვალში რაღაცაში მაინც გამოჩნდეს წარმატებულად. აშკარაა, რომ "აუღიარებელი ტერიტორიების" გარშემო დღევანდელი სტატუს კვო მუდმივად ვერ გაგრძელდება.

ავრაამ შმულევიჩი "აპეენი", რუსეთი