საქართველომ რუსეთის საზღვართან მძევლები გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

საქართველომ რუსეთის საზღვართან მძევლები გაათავისუფლა

ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ჩართული არიან ბრძოლაში კარგად შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც გადმოკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ოპერაციის მიზანია 5 მძევლის გათავისუფლება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 ქართველი ოფიცერი და 10-მდე ბანდფორმირების წევრი მოკლულია.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სადავო ტერიტორიაზე 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ დაძაბული რჩება და შემოჭრა უკვე გართულებული მდგომარეობის გაუარესების საფრთხეს ქმნიდა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს, ღამით, განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელი იყო “თავისი არეულობის საქართველოში ექსპორტზე. ყვარლის რეზიდენციიდან საუბრისას, კავკასიის მთების ფონზე, სააკაშვილმა განაცხადა: "არეულობა და არასტაბილურობა ამ მთების მიღმა იქვე დარჩება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

რუსეთი დიდხანს ებრძოდა მუსლიმ სეპარატისტებს დაღესტანში, ისევე როგორც ჩეჩნეთში და ნებისმიერ ადგილას ჩრდილო კავკასიაში. ძალადობა ხშირად იჩენს ხოლმე თავს ამ რეგიონში. სამშაბათს, სულ ცოტა, 14 კაცი დაიღუპა ორი სეპარატისტული თავდასხმისას დაღესტანში, მათ შორის მათთვის პატივსაცემი მუსლიმი, რელიგიური ლიდერი საიდ აფანდი აცაევი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხარშილაძემ თქვა, რომ დაახლოებით 20-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა 5 ქართველი მძევლად სოფელ ლაფანყურის ახლოს აიყვანა, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 13 მილის მოშორებით. "ჩვენ არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ვინ არიან ეს გასამხედროებული პირები და რა არის მათი მიზანი, მაგრამ ნათელია, რომ ისინი გარკვეულ ტერორისტულ მოქმედებებს ახორციელებდნენ იქ... ისინი ადგილობრივები არ არიან", - დასძინა ბატონმა ხარშილაძემ.

ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ამ "ძალიან კარგად შეიარაღებულ-გაწვრთნილ" დაჯგუფებასთან, მაგრამ მათ რამდენჯერმე განაცხადეს დანებებაზე უარი და ამიტომ ადგილზე გაგზავნეს სამხედრო შენაერთი.

სამთავრობო ძალებმა დაიწყეს მოქმედება მძევლების გასათავისუფლებად ოთხშაბათს, დილიდან, რასაც  ბრძოლა მოჰყვა. ოფიციალური პირები და მოწმეები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური იარაღით და  ყუმბარმტყორცნებით.

ოთხშაბათს, შუადღისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ხუთი მძევალი იყო გამოშვებული და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ოფიციალურადვე გავრცელდა მოკლე ვიდეოჩანაწერი ორი ახალგაზრდისა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი გაათავისუფლეს.

"მე და ჩემი მეგობრები ტყეში მოსალხენად წავედით, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან ხუცურაულმა, -“უკან დაბრუნებისას, მდინარესთან შეგვხვდა რამდენიმე შეიარაღებული წვეროსანი. გვითხრეს, - მძევლები ხართ და უნდა გამოგვყვეთ. თუ გაქცევას დააპირებთ,  სიკვდილი არ აგცდებათო".

ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი მოკლული ოფიცერი იყო თავდაცვის სამინისტროს ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე, ორი დანარჩენი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის წევრები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაიწყებს შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ვინაობისა და წარმოშობის კვლევას.

ქალაქ თელავში ქართველმა ოფიციალურმა პირებმა სწრაფად განათავსეს კრიზისთან გამკლავების მაღალი კლასის გუნდი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომავალ წელს. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ამომრჩევლები დასკვნას გამოიტანენ იმის მიხედვითაც, თუ როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება მსგავს სიტუაციებს.

რუსეთის ოფიციალური პირები განაგრძობენ დაღესტანში სამშაბათს მომხდარ სისხლის ღვრასთან გამკლავებას. რუსეთის მუფტების საბჭოს ხელმძღვანელმა რავილ გაინუთდინმა განაცხადა, ახლახან მომხდარმა ძალადობამ, რომელიც უმეტესწილად, მუსლიმებმა გამოავლინეს სხვა მუსლიმების მიმართ, შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოსო. "დაღესტანელ ხალხს ახლა სჭირდება ძალა, სიბრძნე და ღვთის შიში, რომ სიტუაცია შეინარჩუნოს კანონის ფარგლებში, თავიდან აიცილოს სამოქალაქო ომი და კონფლიქტი დაღესტნელი საზოგადოების გახლეჩის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა მან განცხადებაში, რომელიც ინტერნეტით გამოქვეყნდა.

გაინუთდინმა გაიხსენა სისადავე, კეთილშობილება და სიბრძნე” გარდაცვლილი რელიგიური ლიდერის, შეიხ აცაევისა (საიდ აფანდი ალ-ჩირქავი), რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოკლა. რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა ამოიცნეს - ის აღმოჩნდა 30 წლის მახაჩყალელი ამინატ ყურბანოვა.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ