ქართული სპეცრაზმი და დაღესტნელი "ბოევიკები" - კვირის პალიტრა

ქართული სპეცრაზმი და დაღესტნელი "ბოევიკები"

ხშირად კომედიას ტრაგედია მოსდევს.

29 აგვისტოს, დაღესტანში თვითმკვლელის მიერ რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, შეიხ საიდ აფანდი აცაევის (ალ-ჩირქავის) აფეთქების მეორე დღეს საქართველოში სროლა ატყდა: ქართული სპეცრაზმი "ბოევიკების" ჯგუფს შეება.

ჩემი აზრით, ამ ჯგუფს გზა აებნა. თუმცა "ბოევიკებს" უზადო რუკები აქვთ ხოლმე,  კარგად იცნობდნენ წუნთის რაიონს, მაგრამ, ეტყობა, ღამით გზას ასცდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე ამოყვეს თავი. უკან დასაბრუნებელი გზის ძებნაში ხუთ მოზარდს წააწყდნენ და გზის სწავლება სთხოვეს. სამხედროტანსაცმლიანი, წვეროსანი და ავტომატებით შეიარაღებული ხალხის თხოვნა ალბათ დამაჯერებლად ჟღერდა...

მოზარდებმაც არ იცოდნენ წუნთის გზა და "ბოევიკებთან" ერთად სამი დღე დაეხეტებოდნენ და სწორედ ამან დაღუპა ეს უკანასკნელები.

სოფელში ყმაწვილები რომ არ გამოჩნდნენ, ახლობლებმა მათი ძებნა დაიწყეს. მათ შეუერთდნენ მესაზღვრეები და პოლიციელები. მალე ორი მესაზღვრე "ბოევიკებს" და მათ გამცილებელ-მძევლებს გადააწყდა... "ბოევიკებმა" ისინიც ტყვედ აიყვანეს. მესაზღვრეებმა მოზარდების გაშვება სთხოვეს, - ბავშვები რაღად გინდათ, როცა უფროსები აქა ვართო. მოზარდები გაუშვეს თუ არა, "ბოევიკები" სპეცრაზმის ალყაში აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, ოპერაციის შტაბს ხელმძღვანელობდა საქართველოს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ შსს-სგან სწორედ მერაბიშვილმა შექმნა მოქალაქეთა უსაფრთხოების  დამცავი ეფექტიანი გამჭვირვალე მანქანა და ალბათ, შტაბის მეთაურად თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა, ვიდრე რომელიმე ფინანსური კომიტეტის სხდომაზე.

რა საჭირო იყო მათი ალყაში მოქცევა,  ხომ აშკარაა, რომ ისინი ნამდვილად დაღესტანში დაბრუნებას აპირებდნენ და ქართველებს არ ერჩოდნენ-მეთქი, - ვკითხე ერთ-ერთ ქართველ ძალოვანს, რაზეც მომიგო, - საქართველო უპატრონო კი არ არის, ვისაც უნდა გავიდეს და გამოვიდეს. რა არის ეს - ჩვენს მიწაზე დადის შეიარაღებული ხალხი და ჩვენს მოქალაქეებს ატყვევებსო.

მოკლედ, "ბოევიკებს" გარს შემოეხვივნენ. იმათ კი მესაზღვრეებიც გაათავისუფლეს(!) იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, იმედი ჰქონდათ, რომ მათაც გაუშვებდნენ. "არა, - უპასუხეს ქართველებმა, - დაგვნებდით!"

დაიწყო ბრძოლა - ქართული სპეცსამსახურის დიდი რიცხობრივი უპირატესობით. დაიღუპა სამი სპეცრაზმელი და თერთმეტი "ბოევიკი", ექვსმა კი თავის დაღწევა მოახერხა. მეორე დღეს ნისლი იყო და მათი მოძებნა ვერ მოხერხდა. პრინციპში, სწორედ ასე უნდა იმოქმედოს ნორმალურმა სახელმწიფომ (თუმცა Mდანარჩენები არ უნდა დასხლტომოდათ ხელიდან). რუსეთის ტერიტორიაზე, მეზობელ დაღესტანში, მათი ძებნა-ძიება შეიძლება წლობით გაგრძელებულიყო. ფედერალებს საამისოდ ძალა არ ეყოფათ. ხელებს გაასავსავებენ, - რა ვქნათ, ამ ტყე-ღრეში რა ვიპოვოთო. საქართველოში კი, როგორც აღმოჩნდა, დაუსჯელად ტანტალი არ შეიძლება! სასაცილოა, არა? რუსეთში "ბოევიკები" იბრძვიან, მაგრამ მის ტერიტორიაზე დაუსჯელად მიდი-მოდიან. საქართველოს "ბოევიკები" არ ებრძვიან, მათ ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ გაეგებინებინათ ქართველებისთვის - "ეს თქვენ არ გეხებათო" - გაათავისუფლეს მოზარდები, მერე მესაზღვრეები.

მაგრამ თურმე საქართველოს მთებში სიარული არ შეიძლება, არადა, ორივე მხარეს მთაა. პუტინთან შეიძლება, სააკაშვილთან - არა. მაგრამ ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო ის არის, რომ ქართველებმა დღემდე არ იციან, ვისთან ჰქონდათ საქმე, რადგან რუსულ მხარეს თავი არ შეუწუხებია საქმის გასარკვევად. აშკარაა, რომ ყოველ ბლოკპოსტზე მათი ფოტოები აქვთ, მაგრამ რუსეთი ამ ხალხს აინუნშიც არ აგდებს. რუსეთის რეაქცია პარადოქსულია, ჯერ იყო და, დაღესტნიდან დაადასტურეს, რომ წუნთის ბანდჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდა. მერე ეფ-ეს-ბემ განაცხადა, - ეს "რაღაც პროვოკაცია არისო", მერე კი დადუმდნენ. ქართველები კი დაჰყურებენ უცხო თერთმეტ უდოკუმენტო გვამს და არც იციან, ავარელები არიან ისინი, თუ არა. მხოლოდ ის იციან, რომ ერთ-ერთი მათგანი გაჭირვებით ლაპარაკობდა ქართულად.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ: მახაჩყალიდან ჩასული ეფ-ეს-ბეს ნებისმიერი პოდპოლკოვნიკი ამოიცნობდა ამ გვამებს, სულაც სკაიპით შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ რუსეთი არც არაფერს ამბობს და არც მოქმედებს...

"ეჟედნევნი ჟურნალი", რუსეთი

იულია ლატინინა