საერთო მტრის წინააღმდეგ... - კვირის პალიტრა

საერთო მტრის წინააღმდეგ...

საქართველო-რუსეთის საზღვართან მძევლების აყვანასთან დაკავშირებული ტრაგიკული კრიზისი დასრულებულად არის გამოცხადებული, მაგრამ ქართული ძალებისა და ჩრდილო კავკასიიდან დაუპატიჟებელი სტუმრების შეტაკების შედეგად, თბილისმა რფ-ის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მტერი გაიჩინა.

კავკასიაში ძნელი გასარკვევია, ვინ ვის ებრძვის და რატომ; განსაკუთრებით, როცა ოფიციალური შეტყობინებები ბუნდოვანია, რაც ბევრ კითხვასა და ვერსიას ბადებს.

აქამდე გაურკვეველია, რამ აიძულა, სავარაუდოდ, ისლამისტი "ბოევიკები" ქართულ-რუსული საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი გადაელახათ და საქართველოს ტერიტორიაზე მძევლად აეყვანათ საქეიფოდ წასული ბიჭები, რომელთა განთავისუფლებას სისხლის ღვრა მოჰყვა.

კავკასიაში ერთიმეორისთვის ბრალდებების წაყენება თბილისისა და მოსკოვისთვის ჩვეული საქმეა. მაგრამ ამ შემთხვევაში საერთო მტრის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ჯერჯერობით, თბილისი კონკრეტულად ბრალდებას არავის უყენებს, თუმცა ისლამისტი ამბოხებულების ერთმა ჯგუფმა უკვე დაიქადნა: - ამგვარი ქმედებით თქვენ კიდევ ერთი მტერი შეიძინეთ, რომელიც სასტიკად იძიებს შურსო.

თავისი მოქალაქეების დასამშვიდებლად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს არავინ მისცემს იმის უფლებას, მთელი კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს არეულობა და არასტაბილურობა.

რუსეთში სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება: რუსეთის ხელისუფლებაში ზოგიერთი აცხადებს, - საქართველო-რუსეთის საზღვარზე არავითარი დარღვევა არ მომხდარაო, სხვები კი ვარაუდობენ, რომ ქართველი ძალოვანები დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედი ამბოხებული ჯგუფების წინააღმდეგ იბრძოდნენო.

"ევრაზია ნეტი"