რა მოხდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე - კვირის პალიტრა

რა მოხდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან - ლოპოტის ხეობიდან შეიარაღებული პირების შემოსვლის შესახებ "კავკაზცენტერი" საკუთარ ვერსიას ავრცელებს.

პორტალის ინფორმაციით, წყაროების მეშვეობით, მათთვის ცნობილი გახდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებული მოვლენების დაწვრილებითი დეტალები.

"დაღესტნის ვილაიეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ საქართველოსა და რუსეთისგან მალულად, საქართველო-დაღესტნის საზღვრის ერთ-ერთ მთიან ნაწილში მოხალისე ახალწვეულთა ჯგუფი შეკრიბა, რომელსაც დაღესტნის ოპერატიული ჯგუფის მხარდაჭერა ევალებოდა. ახალწვეულები დისლოკაციის ადგილისკენ მიდიოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ დაღესტნის ვილაიეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ოპერაციის უკანასკნელ ეტაპზე ჯგუფის მარშრუტის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. საქართველოს ხელისუფლებამ ახალწვეულთა წინააღმდეგ სპეცრაზმის მსხვილი დანაყოფები და შვეულმფრენები გაგზავნა. ქართულმა მხარემ მოჯაჰედებთან მოლაპარაკებები დაიწყო და მას იარაღის დაყრა შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული დანაყოფის საკუთარ ტერიტორიაზე გამოჩენა პროვოკაციად შეაფასა და ჩათვალა, რომ რუსეთი ამას მორიგი სამხედრო შეჭრის ორგანიზების წინაპირობად გამოიყენებდა", - ნათქვამია სტატიაში.

"კავკაზცენტერის" ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დღე-ღამეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ახალწვეულმა მოჯაჰედებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს.

"მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ მათთვის მარშრუტი და მიეცათ საშუალება, თავისუფლად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, სადაც ისინი თავისი დანიშნულების ადგილისკენ სვლისას აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ბრძოლა დაიწყო. ჩვენი წყაროები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოჯაჰედებმა ქართველი სამოქალაქო პირები მძევლებად აიყვანეს. ინფორმაციის გაჟონვა მათი მარშრუტის შესახებ სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ახალწვეულებმა გაუშვეს გზაზე შემთხვევით შემოყრილი ხუთი ქართველი.

ანალიტიკური პორტალის წყარო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი სისხლისღვრის გამო, რომელიც, მათი თქმით, ხელს არ აძლევს არც საქართველოს, რომელიც რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას და არც მუსლიმანურ კავკასიას, რომელიც რუს ოკუპანტებს ებრძვის.

"კავკაზცენტრი კომ"