რადიკალი ისლამისტები თბილისს აფრთხილებენ - კვირის პალიტრა

რადიკალი ისლამისტები თბილისს აფრთხილებენ

საქართველო-რუსეთის საზღვრის გადმომკვეთი შეიარაღებული ჯგუფის წევრების ვინაობა უკვე გარკვეულია. პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად, იკისრა "დაღესტნის ვილაიეთმა" - რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია "კავკასიის იმარატის" ქვეგანყოფილებამ.

"დაღესტნის ვილაიეთის" ლიდერთა განცხადებაში ნათქვამია: "საქართველოს ხელისუფლება ებრძვის "კავკასიის იმარატის" მოჯაჰედებს. არსებული მონაცემებით, საქართველოში მყოფი ჩვენი ძმები არანაირ ოპერაციას არ გეგმავდნენ. ავი განზრახვით რომ შესულიყვნენ საქართველოში, ჩანაფიქრს იოლად შეასრულებდნენ.

მოჯაჰედებს არც მძევლად არავინ აუყვანიათ და საქართველოს მხრიდან ამის მტკიცება სიცრუეა. ქართულმა მხარემ კი მუხანათურად მოკლა კავკასიის 11 ღირსეული შვილი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული მხარე ამას პუტინის რეჟიმის საამებლად აკეთებს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება მოჯაჰედების წინააღმდეგ, ნუ ატყუებს საკუთარ მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, რუსეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნუ ღვრის მუსლიმანთა სისხლს. ჩადენილით საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ მტერს იძენს, რომელიც სასტიკად იძიებს შურს".

ის, რასაც ირწმუნებიან "დაღესტნის ვილაიეთის" ლიდერები, რადიკალურად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიისგან.

საქართველოს პრეზიდენტის კომენტარები პოლიტიკური ხასიათის იყო. ინციდენტში მან რუსეთი დაადანაშაულა საქართველოში დივერსიული ჯგუფის იძულებით შემოსვლასა თუ შემოგზავნაში. "მაგრამ ვერავინ შეძლებს ქვეყნის ცხოვრებაში არეულობის შეტანას. საკუთარი პრობლემების მეზობელი სახელმწიფოსთვის თავს მოხვევას. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ რამდენიმე წლის წინ პანკისის ხეობაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია თავის გამოსვლაში სპეცოპერაციის დეტალებს შეეხო: მისი თქმით, მძევლები - ადგილობრივი ხუთი ახალგაზრდა საკუთარი სურვილით შეცვალა სასაზღვრო პატრულმა, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ "ბოევიკებმა" მტკიცე უარი თქვეს მშვიდობიან სცენარზე და ქართული მხარე იძულებული გახდა, დაეწყო სამხედრო მოქმედება.

ბოკერიას გამოსვლამ ახალი კითხვები გააჩინა. თუ "ბოევიკებს" რუსეთმა აიძულა, საქართველოში შესვლა, მაშინ რად დასჭირდათ მძევლების აყვანა, მოლაპარაკებებში ჩაბმა და ბოლოს და ბოლოს, ელიტურ ქვედანაყოფებთან შებრძოლება. მათ ხომ კარგად იცოდნენ, რომ ქართული მხარე არ დაინდობდა?! რატომ აირჩიეს კონფრონტაციული ვარიანტი, მათ ხომ კარგად იცოდნენ მოსკოვთან თბილისის დაძაბული ურთიერთობის შესახებ და არ გამოიყენეს ეს შანსი? თუ "ბოევიკები" საქართველოში დივერსიების მოსაწყობად შეგზავნეს, რაღა ამ სულელური ნაბიჯით დაიწყეს - მძევლებად აიყვანეს საქეიფოდ თუ სოკოს საკრეფად წასული სოფლელი ბიჭები? შეიძლება იმიტომ, რომ უცხოები შეამჩნიეს და ეს ხელს არ აძლევდათ "ბოევიკებს"? კი, ბატონო, მაგრამ მაშინ დივერსიულმა ჯგუფმა, რომელმაც, როგორც წესი, სწრაფად უნდა იმოძრაოს და იმოქმედოს, შეგნებულად რატომ აიყვანა ხუთი მძევალი და ამით მოქმედების ტემპი შეანელა - მათ ხომ თვალყურის დევნებაც სჭირდებოდათ?

ჟურნალისტებსა და სამხედრო ექსპერტებსაც ბევრი კითხვა უჩნდებათ. კბილებამდე შეიარაღებულმა რაზმმა შეუმჩნევლად როგორ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იცავენ? სად იყვნენ მესაზღვრეები? ექსპერტებს თავად ოპერაციამაც გაუჩინა კითხვები. 17 თუნდაც კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მეომრის წინააღმდეგ გაიგზავნა სპეცრაზმის ელიტა, ჯავშანტექნიკა, შვეულმფრენები, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომენტარებში უპილოტო თვითმფრინავებიც ახსენა.

კორესპონდენტმა თბილისიდან "ნეზავისიმაია გაზეტას" განუცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარი, ყველა უცნაურობის გათვალისწინებით, ხელისუფლებას, რომელსაც სურდა არჩევნების წინ სიტუაცია მისი ინტერესების სასარგებლოდ გამოკვეთილიყო, პირიქით შეუტრიალდა. პირველი ის, რომ წამოიჭრა მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი, მეორე - თავად სახელმწიფოს დაუცველობის საკითხი, მესამე - იმ ადამიანთა პროფესიონალიზმის დონე, ვინც დაუშვა სპეცოპერაციის გეგმა, რომლის მიხედვით ათას ხუთასი კაცი 30 საათის განმავლობაში ებრძოდა პატარა რაზმს. მეოთხე - ლაფანყურის ისტორიის შემდეგ საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი უფრო გაფრთხილდება და პროვოკაციას ნაკლებად დაიჯერებს, მეხუთე - და ეს შესაძლოა, ყველაზე სერიოზული იყოს - ხელისუფლება ძალიან სერიოზულად გააფრთხილა რადიკალურმა ისლამისტურმა ძალებმა; შემდგომში რა მოჰყვება ამას, ძნელი სათქმელია.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი