ლუკაშენკო უკრაინის პარტნიორი გახდა - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო უკრაინის პარტნიორი გახდა

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კიევში, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, განაცხადა, - დღეს ყველაფერში შევთანხმდით, არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის აღარ არსებობსო.

კიევი სერიოზულ დათმობებზე წავიდა - მეზობლებს ელექტროენერგიას შეღავათიან ფასად მიაწვდის, სამაგიეროდ, იმედი გაუჩნდა, რომ მინსკი მოსკოვთან დაპირისპირებაში მხარს აუბამს.

კიევში ლუკაშენკოს ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ერთობლივი საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. ამ შეთანხმებას უკრაინამ და ბელორუსიამ 1997 წელს მოაწერეს ხელი. უკრაინამ კარგა ხანია მისი რატიფიცირება მოახდინა, ბელორუსია კი ფეხს ითრევდა, უცდიდა, უკრაინა საბჭოთა დროიდან მოყოლებული ვალს როგორ გადაუხდიდა. პრეზიდენტებს ვალის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, ჩანს, მოილაპარაკეს, რომ კიევი ბელორუსიას ვალს შეღავათიან ფასად მიწოდებული ელექტროენერგიით გადაიხდის. ვიქტორ იუშჩენკომ ბელორუსიასთან ურთიერთობას `სტრატეგიულ პარტნიორთა ურთიერთობა~ უწოდა. ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა ბოლო წლებში ბელორუსიისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის დასავლეთის ქვეყნებთან, პირველ რიგში, აშშ-თან ურთიერთობის დამყარებაში.