ისლამური რევოლუციის შემდეგ როლები შეიცვალა - კვირის პალიტრა

ისლამური რევოლუციის შემდეგ როლები შეიცვალა

სამი ათეული წლის განმავლობაში 4 ნოემბერი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წმინდა დღედ, "დიდ სატანასთან" - აშშ-თან დაპირისპირების დღედ ითვლებოდა.

30 წლის წინ ირანელმა სტუდენტებმა თეირანში აშშ-ის საელჩო დაარბიეს. წელს, 4 ნოემბერს, ირანის ამჟამინდელმა მმართველებმა თავის  მომხრეებს აშშ-ის ყოფილ საელჩოსთან ანტიამერიკული დემონსტრაციის ჩასატარებლად მოუყარეს თავი. დედაქალაქის სხვა ადგილებში კი ათასობით ირანელმა გააპროტესტა არა აშშ-ის, არამედ საკუთარი ხელისუფლების ზეწოლა - 12 ივნისის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ახალმა თაობამ ისარგებლა იმით, რომ 1979 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიტინგი ნებადართული იყო; მაგრამ აჰმადინეჯადის პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეები აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვდნენ, ვაშინგტონმა გამოხატოს თავისი პოზიცია იმის მიმართ, რაც დღეს ირანში ხდებაო.