საქართველოში შესაძლო ტერაქტებზე ალაპარაკდნენ - კვირის პალიტრა

საქართველოში შესაძლო ტერაქტებზე ალაპარაკდნენ

7 სექტემბრიდან თბილისში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ეს უკავშირდება 7 და 11 სექტემბერს ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მატჩებს ბელორუსიისა და ესპანეთის გუნდებთან. დამკვირვებელთა აზრით კი უსაფრთხოების გაძლიერება საფეხბურთო მატჩებს იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც წინასაარჩევნო დაძაბულობას, უფრო მეტად - ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

საქართველოს ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლები პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩავიდნენ, უფრო სწორად, ლოპოტის სპეცოპერაცის დროს დახოცილი ახალგაზრდა ქისტების საფლავები მოინახულეს. ხეობაში სხვაგან არსად ყოფილან, არც ჟურნალისტებს შეხვედრიან. მხოლოდ ერთმა დამკვირვებელმა გაიკვირვა - პრობლემური პანკისის ხეობა ჩვენი მისიის ყურადღების ზონაშია და რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ჩვენმა ჩამოსვლამო. ცხადია, ამგვარმა ახსნამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

თავად პანკისში მოჩვენებითი სიმშვიდეა. იმ წყაროების თქმით, რომელთაც იქაურებთან ურთიერთობა აქვთ, პანკისელები ხელისუფლების მოქმედებით შეურაცხყოფილნი არიან. მიაჩნიათ, რომ ვერ მიიღეს თავიანთი თანამემამულეების ლიკვიდაციის მიზეზის ლოგიკური ახსნა. სპეცოპერაციის ოფიციალური ვერსია მარტო პანკისელ ქისტებს კი არა, საქართველოს საზოგადოებრიობის გარკვეულ ნაწილსაც არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ შეიარაღებული რაზმის გადარჩენილი 7-8 წევრი, რომელთა შესახებაც არაფერია ცნობილი, ხელისუფლებას დატყვევებული ჰყავს და რეიტინგის ასამაღლებლად მათი დახმარებით შეეცდება არჩევნების პიარაქციის მოწყობას. უფრო მეტად ბუნდოვანი გახადა ლოპოტის ხეობის ოპერაცია ლონდონში დასახლებული აჰმედ ზაკაევის მიერ ტელეკომპანია "ტვ-9"-ისთვის მიცემულმა ინტერვიუმ. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის დროს მოკლეს ზაკაევის ყოფილი მცველი დუკვაჰა დუშუევი. ზაკაევის განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას, თითქოს სპეცრაზმი დაღესტნიდან გადმოსულ შეიარაღებულ რაზმს შეეწინააღმდეგა. ზაკაევის თქმით, დუშუევი რუსეთში ვერ იქნებოდა, რადგან ბოლო ხანს პანკისში ცხოვრობდა.

პანკისელ ქისტებს მიაჩნიათ, რომ მათი დახოცილი მოძმეები ვერაგულად მოატყუეს და შურისძიებას აპირებენ. თუმცა, გაუგებარია, კონკრეტულად ვინ მიაჩნიათ შურისძიების ობიექტად. ამიტომ დადის ჭორები შესაძლო ტერაქტებზე. ზოგიერთი ანალიტიკოსი საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერებას ამ ჭორებს უკავშირებს. შესაძლოა, ძალოვან სტრუქტურებს რაიმე ხელმოსაკიდი შესაშფოთებელი ინფორმაციაც ჰქონდეს.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი