რუსეთი აშშ-ის ევროპიდან განდევნას ცდილობს - კვირის პალიტრა

რუსეთი აშშ-ის ევროპიდან განდევნას ცდილობს

ბრიტანული ჟურნალის, The Ekonomist--ის საერთაშორისო განყოფილების გამგის, ედვარდ ლუკასის წიგნში, "ახალი ცივი ომი", განხილულია მსოფლიოს ამბები რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის დროიდან.

- "ახალი ცივი ომი" თქვენ 2008 წელს გამოაქვეყნეთ. ეს სათაური დღესაც აქტუალურად მიგაჩნიათ?

- მე მას 2007 წელს ვწერდი და ყველაზე მეტად მაშინ საქართველოში ომის შესაძლებლობა მაშინებდა. ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოს ომმა დაადასტურა, რომ მართალი გამოვდექი. ვფიქრობ, ახალი "ცივი ომი" უპირატესად ენერგეტიკულ და ფინანსურ ფრონტებზე განვითარდება. ეს შეშფოთების ძალიან სერიოზული მიზეზია. არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს და იარაღს, როგორ გავლენას ახდენს რუსული კაპიტალი დასავლეთის პოლიტიკურ მოვლენებზე.

ყოველთვის ვამბობდი, ძველი”ცივი ომი”შეიარაღებული დაპირისპირება იქნება-მეთქი, ახალი კი ღირებულებათა კონფლიქტი.

- ამბობთ, რომ ომი საქართველოში ახალი "ცივი ომის" პირველი ეტაპი იყო. კომენტატორი ჯორჯ ბოვტი აგვისტოში სტატიაში, "ევროკავშირი-რუსეთი" წერდა, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლებელიაო. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- არა მგონია, რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომი გაჩაღდეს, რადგან რუსეთის არმია არ არის საუკეთესო ფორმაში. მას შეუძლია თავს დაესხას ხელმისაწვდომ ზონაში მყოფ მასზე ოცდაათჯერ პატარა ქვეყანას. ასეთ კრიტერიუმებს კი ძალიან ცოტა სახელმწიფო აკმაყოფილებს. ვფიქრობ, ყველაზე მეტად უნდა გვაშფოთებდეს საქართველოსთან მორიგი ომის შესაძლებლობა. ეს გაცილებით რეალურია.

- რას ნიშნავდა ეს ომი ევროკავშირისა და ნატოს რუსეთთან ურთიერთობებისთვის?

- ვფიქრობ, საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შედეგი გახდა ის, რომ ყველამ დაინახა, თუ როგორი განცალკევებულები არიან ევროკავშირი და ნატო რუსეთთან ურთიერთქმედებებში. ევროკავშირმა რუსეთს ძალიან მსუბუქი სანქციები დაუწესა და მალევე გააუქმა კიდეც. ნატოც საკმაოდ სწრაფად დაუბრუნდა კრემლთან ნორმალურ თანამშრომლობას. ამგვარად, ჩემი აზრით, ნატოს, რომელსაც ერთ დროს რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურად დასაშვებ კონფლიქტზე მაკონსოლიდირებელი პოზიცია ჰქონდა, სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. ვფიქრობ, გერმანია და სამხრეთ ევროპის ქვეყნები ერთი მიმართულებით წავლენ, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა–- სხვა მხარეს. ამგვარად, განხეთქილება აშკარაა.

ნატომ რეალური საქმეების დაგეგმვა უნდა დაიწყოს, აუცილებელია სტრატეგიის კონცეფციის გადახედვა და იმის გარკვევა, რომ ტერიტორიის დაცვა პირველი რიგის ამოცანაა.

პრობლემა ის არის, რომ ობამასთვის მართლაც სულერთია, რა ბედი ეწევა აღმოსავლეთ ევროპას. როგორც ჩანს, მისი მრჩეველები აღმოსავლეთევროპულ პოლიტიკას ბუშის პროექტად მიიჩნევენ. ასევე მიმაჩნია, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს პრობლემა უკვე გადაწყვიტეს და ახლა სხვა საკითხებზე ზრუნვაა საჭირო. ასეთი კი ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაა. საფრთხე კი ისაა, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად რუსეთის დახმარებას ვარაუდობენ და შესაძლოა, მართლაც მიიღონ კიდეც, მაგრამ ისინი არ არიან რეალურად დაინტერესებულები იმაში, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიბრუნონ სტრატეგიული გავლენა, რომელსაც მზარდ რუსულ გავლენას დაუპირისპირებდნენ.

თანამედროვე რუსეთს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირს, სურს, ამერიკა ევროპიდან განდევნოს და, როგორც ვხედავ, ეს უსაფრთხოების ახალი სისტემა სინამდვილეში ევროპაში რუსეთის და ევროპული სახელმწიფოების ერთგვარი კონდომინიუმის შექმნის მცდელობაა, რომელშიც აშშ-ის ადგილი არ არის და სადაც მცირე ქვეყნების ინტერესები დაირღვევა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია .

- როგორია ამ ზამთარში გაზის კრიზისის შესაძლებლობა?

- ვფიქრობ, უკრაინა მზადაა კონსოლიდირებული მოქმედებისთვის და გაზთან დაკავშირებით ომის ატეხა რუსეთს გაუჭირდება.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ სად შეიძლება კიდევ გაზის შოვნა. აუცილებელია, მოვიპოვოთ ირანის და ერაყის გაზი, ასევე ყველა სხვა აირის საბადო ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ნაბუკოს" გაზსადენის აშენება. ვფიქრობ, კარგი ნიშანია, რომ "გაზპრომის" ჩრდილოეთის ნაკადი”წინ ვერ მიიწევს და ჯერჯერობით ის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეზეა, ხოლო "ნაბუკოსთან" დაკავშირებით, რომელზეც ჩემს წიგნში საკმაოდ სკეპტიკურად ვწერდი, გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა.