კოსმოსში შეიარაღების განთავსება "ისტორიულად გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

კოსმოსში შეიარაღების განთავსება "ისტორიულად გარდაუვალია"

ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა სიუი ძილიანმა საჯაროდ პირველად გაამხილა, რომ ჩინეთი კოსმოსში შეიარაღების განთავსებას და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდას აპირებს.

ადრე ჩინეთი ირწმუნებოდა, კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას ვემხრობიო. ახლა კი 59 წლის გენერალი აცხადებს, - ჩინეთი ვალდებულია, განავითაროს თავისი კოსმოსური პოტენცია, რადგან მსოფლიოში ის გაბატონდება, ვინც კოსმოსს გააკონტროლებსო. გენერალ სიუის მიაჩნდა, რომ "ცისა და კოსმოსის მილიტარიზაცია მთელი კაცობრიობის მშვიდობიან ცხოვრებას უქადის საფრთხეს. ამიტომაც ძლიერი უნდა იყო, რომ შეძლო მშვიდობის სადარაჯოზე დგომა. ჩინეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ მშვიდობის დასაცავად ძლიერი სამხედრო-საჰაერო ძალები სჭირდება, 21-ე საუკუნის შუა წლებში ჩინეთი იქნება ზესახელმწიფო, ამიტომაც მის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს წინ აღუდგნენ ნებისმიერ საფრთხეს". ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სიუი ძილიანის განცხადება "ჩინეთის სამხედრო დოქტრინაში" გარდამტეხი გახდა. ჩინეთი აღარ აპირებს თავისი განზრახვისა და შესაძლებლობების დამალვას. წარსულში ჩინეთი თავს არიდებდა თავისი იმპერიული ამბიციების დემონსტრირებას, ხელმძღვანელობდა რა ქვეყნის აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის დენ სიაოპინის საგარეო პოლიტიკური დოქტრინით - "დროზე ადრე ნუ გაამჟღავნებ განზრახულს". გენერალ სიუ ძილიანის თქმით, "როგორც უნდა გაძლიერდეს ჩინეთის შეიარაღება, სამხედრო საფრთხეს არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნის".