"ბერლინის კედელი აშშ-ის ძალისხმევით დაინგრა" - კვირის პალიტრა

"ბერლინის კედელი აშშ-ის ძალისხმევით დაინგრა"

1957 წლის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი პირველად გამოვიდა აშშ-ის კონგრესში. ანგელა მერკელმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა. "ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით, რამდენად დავალებულნი ვართ თქვენგან", - თქვა ქალბატონმა კანცლერმა და იქ მყოფებს შეახსენა, რომ ამერიკელების მიერ 1948-49 წლებში შექმნილმა საჰაერო ხიდმა იხსნა დასავლეთ ბერლინი კომუნისტური იზოლაციისგან. მერკელმა მადლობით მოიხსენია რონალდ რეიგანი, რომელმაც მიხაილ გორბაჩოვს ბერლინის კედლის აღება მოსთხოვა, მადლიერება გამოხატა ჯორჯ ბუში-უფროსის მიმართ, რომელმაც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელი შეუწყო ჰელმუტ კოლს გერმანიის გასაერთიანებლად.

კონგრესში გამოსვლამდე ანგელა მერკელი პრეზიდენტ ობამას შეხვდა. მართალია, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გულთბილად მიესალმა, მაგრამ მცირე უხერხულობა მაინც იგრძნობოდა. საქმე ის არის, რომ ყველა ევროპული ლიდერისაგან განსხვავებით, ობამა ბერლინში კედლის აღების ზეიმზე არ ჩავა, რადგან აზიაში მიემგზავრება. თავის დროზე ჯონ კენედიმ სიყვარულით თქვა, - ბერლინელი ვარო, ბარაქ ობამა კი ამბობს, - "არ მცალია!"