მოსკოვი ვაშინგტონის ყოყმანით სარგებლობს - კვირის პალიტრა

მოსკოვი ვაშინგტონის ყოყმანით სარგებლობს

ბოლო ხანს თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცედენტოდ დაზარალდა, რასაც შეიძლება შორს მიმავალი შედეგები მოჰყვეს. იმ მომენტიდან, როდესაც თურქეთის მმართველმა "სამართლიანობის და განვითარების პარტიამ" განაცხადა, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანის მოსისხლე მტერთან,  ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს, ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობა გაცივდა.

ბაქო განსაკუთრებით აღაშფოთა თურქეთსომხეთის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმების ხელის მოწერამ. აზერბაიჯანის საზოგადოებამ და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თურქეთის ცალმხრივი პოლიტიკა დაგმეს.

ანკარამ, როგორც ჩანს, კიდევ ერთი მეგობრულად განწყობილი მეზობლის შეძენის მცდელობისას გადააჭარბა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები ფაქტობრივად დაანგრია.

ცხადია, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ასევე თურქულ-სომხურმა დაახლოებამ თურქულ-აზერბაიჯანულ სტრატეგიულ პარტნიორობას წყალი შეუყენა. ეს პარტნიორობა მომავალი აღმოსავლურ-დასავლური ენერგეტიკული დერეფნების ფუნდამენტი, რეგიონში უსაფრთხოების, პოლიტიკური და გეოსტრატეგიული ბალანსის საფუძველი, ასევე თურქეთის (ან დასავლეთის) კასპიის რეგიონში შესვლის შესაძლებლობა იყო. ამ უსაფრთხოების სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე თურქეთი-ევროკავშირი-აშშ-ის ღერძის არსებობა და მისი გაგრძელება შუა აზიის რეგიონში საჭოჭმანო გახდება. თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრე თურქეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ დაშვებულ ამ გეოპოლიტიკურ შეცდომას აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებისა და ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტის უპერსპექტივო, ბუმერანგის ეფექტი მოჰყვება.