თავზარდამცემი ვიდეო - კვირის პალიტრა

თავზარდამცემი ვიდეო

საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, პენიტენციარულ სისტემაში არასათანადო მოპყრობის ბრალდებებისთვის თვალი გაესწორებინა იმის შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეომასალა, პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებით. თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. ქვეყნის პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

ვიდეომასალის ნაწილში, რომელიც ოპოზიციურმა "მეცხრე არხმა" გაავრცელა, ასახულია, თუ როგორ ტირის ნახევრად შიშველი პატიმარი და შეწყალებას სთხოვს ბადრაგებს, რომლებიც მას ცემენ. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი ცოცხით გააუპატიურეს.

"გთხოვთ, ოღონდ არ გადაიღოთ ეს და ყველაფერს გავაკეთებ", - ამბობს პატიმარი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ". საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდნენ საქართველოს პენიტენციარულ სისტემას პატიმრების უფლებების დარღვევების გამო.

ვიდეომასალა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გავრცელდა, როდესაც ისედაც დაძაბული ფონია. მმართველი პარტია პირველად დადგა სერიოზული გამოწვევის წინაშე. სააკაშვილმა გადაკვრით ისიც ახსენა, რომ ეს ინციდენტი მისი დისკრედიტაციისთვის იყო დაგეგმილი.

ივანიშვილმა თავის განცხადებაში მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და დაგმო "მთავრობის მიერ პატიმრების წამება". "ის, რომ ასეთი საშინელი და შემზარავი ფაქტები მოხდა პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში, წარმოუდგენელი რამე უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთს გვიჩვენებს - ჩვენი ლიდერების ჭეშმარიტ ბუნებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 მოხელე დააკავეს. ასევე, ვიდეომასალის მესამე პირისთვის გადაცემის გამო ბრალი წაუყენეს თამაზ თამაზაშვილს და თამაზ ელიზბარაშვილს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით - 100.000 სულ მოსახლეზე 538 პატიმარი ჰყავს. ეს მაჩვენებელი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა, როდესაც მან პირობა დადო, ბოლო მოეღო კორუფციისთვის და წესრიგი დაემყარებინა ქვეყანაში.

როგორც ჩანს, 1-ლი ოქტომბრის არჩევნები მმართველი პარტიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

ოდესღაც სააკაშვილს აქებდნენ წარმატებული რეფორმების გატარებისთვის, დღეს კი მას უფრო და უფრო აკრიტიკებენ თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების გამო.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი