სექსუალური ძალადობა ციხეში - კვირის პალიტრა

სექსუალური ძალადობა ციხეში

ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას პატიმრებზე ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოს ისინი, ვინც უნდა აგოს პასუხი და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პენიტენციარული დეპარტამენტის უფროსი დაითხოვეს ძალადობის გამო და დაპატიმრებულია რამდენიმე სხვა მოხელეც. ისეთი კრიმინალური ხასიათის ქმედებანი, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, უნდა გახდეს სისხლის სამართლის ძიების საგანი და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციებით. ძალადობაში ეჭვმიტანილებს უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

18 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება გლდანის #8 საპატიმროში პენიტენციარული დეპარტამენტის გარკვეულ თანამშრომელთა მიერ“პატიმრების უფლებების შელახვის გამო. განცხადებას თან ახლდა ბმული, სადაც ასახული იყო ციხის ადმინისტრაციის ფიზიკური თავდასხმა პატიმრებზე.

საქართველოს ომბუდსმენი ხშირად ახსენებდა გლდანის #8 საპყრობილეს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საპატიმროს. 2010 წლის ანგარიშში ევროპის კომისიამ წამების აღკვეთისათვის განაცხადა, რომ გლდანის საპატიმროს ყოფილი ტუსაღების თქმით, მათ ურტყამდნენ მუშტებს, წიხლებს და ხელკეტებს ციხეში გადაყვანის პროცესში, ისჯებოდნენ ხმამაღალი ლაპარაკისთვის, ან სხვა საკნებში მყოფ ტუსაღებთან კომუნიკაციის მცდელობისას. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სატუსაღოში დახვდათ "უჩვეულო სიჩუმე".

საქართველოს ხელისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონის მიხედვით, ვალდებულია, არა მხოლოდ ეფექტიანად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები, არამედ დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები მათთვის, ვისი ბრალიც დადგენილია. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლნი დაცულნი უნდა იყვნენ კანონით.

"ჰუმან რაიტს ვოტჩი", აშშ