სააკაშვილის საარჩევნო ბრძოლა ჩაშლის პირასაა - კვირის პალიტრა

სააკაშვილის საარჩევნო ბრძოლა ჩაშლის პირასაა

საარჩევნო ბრძოლა საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის მწვავდება.საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ორი კვირით ადრე ოპოზიციასთან დაახლოებულმა სატელევიზიო არხებმა აჩვენეს ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეორგოლები, რამაც ეს კავკასიური ქვეყანა აღაშფოთა.

ერთ ვიდეოზე წრიულად მდგომი ციხის პერსონალი პატიმრებს სცემს. ტელეკომპანია "მაესტრომ" გამოაქვეყნა მეორე ვიდეოც, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აუპატიურებს ჯოხით ციხის თანამშრომელი პატიმარს. მედიის თანახმად, ეს კადრები თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში არის გადაღებული.

ეს სკანდალი პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს საფრთხეს უქმნის. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" გმირმა რეფორმები მტკიცე ხელით გაატარა ამ 4,5-მილიონიანი ქვეყნის პოლიციაში, იუსტიციის სისტემასა და ადმინისტრაციაში. ათასობით მოსამართლე, სახელმწიფო მოხელე და უამრავი პოლიციელი გააგდო სამსახურიდან სამართალდამცავ ორგანოებში კორუფციისა და განუკითხაობის დასამარცხებლად.

სააკაშვილი "შოკირებული" და "ძალიან გაბრაზებული" იყო ამ ვიდეომასალებით. ციხის მრავალი თანამშრომელი დაკავებულია, 33 წლის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა 18 სექტემბერს საღამოს თბილისის ცენტრში წამების ფაქტებისა და პრეზიდენტის მიმართ პროტესტის გამოსახატავად.

სააკაშვილსა და ოლიგარქ ივანიშვილს გაცხარებული საარჩევნო ბრძოლა აქვთ, რომლის დასასრული გაურკვეველია. წამების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნების უკან სახელმწიფოს მეთაური ოპოზიციის შეთქმულებას ხედავს. "თითოეული, ვინც ეს მოიფიქრა, გააკეთა და დაუშვა, რომ მომხდარიყო, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს",“- ამბობს სააკაშვილი.

შსს აცხადებს, რომ ციხის თანამშრომლებმა ჩართული კამერების წინ პატიმრების წამებისათვის ფული აიღეს. ერთ-ერთ დაკავებულ ციხის თანამშრომელს 17 000 დოლარი უპოვეს.

მდგომარეობა საქართველოს ციხეებში დაძაბულია, ბევრი სასჯელაღსრულების დაწესებულება ტუსაღებითაა სავსე. ამ ქვეყანაში აშშ-ის, ამერიკის, ვირჯინის კუნძულებისა და კუნძულ-სახელმწიფოთა - სანტ კიტსისა და ნევის შემდეგ პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობაა - ექვსჯერ აღემატება გერმანიის პატიმართა რიცხვს.

"შპიგელი", გერმანია