მსოფლიო ს რეაქცია საქართველოში მომხდარ აღმაშფოთებელ ფაქტებზე - კვირის პალიტრა

მსოფლიო ს რეაქცია საქართველოში მომხდარ აღმაშფოთებელ ფაქტებზე

"პატიმრების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.

ოფიციალური ბრიუსელი შეშფოთებულია ქართულ ციხეებში პატიმრების წამებით, რომელიც ვიდეომასალით გახდა ცნობილი და მოუწოდა საქართველოს, ყოველი ღონე იხმაროს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

ქეთრინ ეშტონის განცხადებით, იგი "აღაშფოთა იმ შემაძრწუნებელმა კადრებმა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს გლდანის ციხეში". მისი თქმით, ყველა ქვეყანა ვალდებულია, ნებისმიერი დათქმის გარეშე აღკვეთოს წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი მცდელობა. ეშტონმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ "უკვე გადადგა ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად".

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი

გაეროს ბავშვთა ფონდი მკაცრად გმობს ბავშვების უფლებათა დარღვევას პენიტენციარულ სისტემაში, რაც დოკუმენტირებულ იქნა და გადაიცა ბოლოდროინდელ საინფორმაციო გამოშვებებში. ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის თანახმად, "არც ერთი ბავშვი არ უნდა ემსხვერპლოს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯას"“ (მუხლი 37). იმავე უფლებების შესახებ ნათქვამია სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ხელშეკრულებებში, რომლებსაც საქართველომ ხელი მოაწერა და რომელთა რატიფიცირებაც მოახდინა.

გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს, დაიწყოს სრულყოფილი გამოძიება პატიმარი და დაკავებული მოზარდების მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტების შესახებ. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის დაცულობა და უსაფრთხოება, მათ შორის მათიც, ვინც შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ძალადობის მოწმე საპატიმრო ადგილებში. მთავრობამ უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა უფლებები.

გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებულია სავარაუდო ცუდი მოპყრობით ავჭალის მოზარდთა საპყრობილეში, რომელსაც 2012 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში შეეხო ომბუდსმენი და მოუწოდა მთავრობას, მიიღოს შესაბამისი და სწრაფი ზომები.

გაეროს ბავშვთა ფონდი სხვა დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ეხმარებოდა საქართველოს მთავრობის რეფორმებს მოზარდთა სასჯელაღსრულების სისტემაში და მზადაა, გაუწიოს უწყვეტი დახმარება ყველა პარტნიორს ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩღჩ-ს და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს.

უნისეფი