დანასისხლად გადაკიდებულნი - კვირის პალიტრა

დანასისხლად გადაკიდებულნი

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის სავარაუდო კავშირებზე ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან საფრანგეთში.

საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება, სიტუაცია პრეზიდენტ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ბანაკებს შორის დაიძაბა. მას მერე, რაც ოპოზიციურმა არხებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, რომლებზეც ასახული იყო პატიმრების წამება ქართულ ციხეებში, ხელისუფლებამ საპასუხოდ გაავრცელა მასალა ივანიშვილის კლანისა და ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების სავარაუდო კავშირზე.

"როგორც ჩანს, ხაინდრავას უნდა, "კანონიერი ქურდების" მხარდაჭერის მოპოვება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პირობა, რომ "კანონიერი ქურდები" საქართველოში დაბრუნდებიან, სადაც ხელახლა დაიმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში, ის საფასურია, რისი გადახდა ოპოზიციას მოუწევს გავლენით, ფინანსებით და შეიარაღებით სავსე მხარდაჭერის მოსაპოვებლად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისგან", - წერია საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის 2011 წლის კრებსითი ოქმის 6 გვერდზე. ეს მასალა ფრანგულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ამ კვირას გადასცა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა დაუყოვნებლივ გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ხვდება გოგა ხაინდრავა "კანონიერ ქურდებს" ავერონში.

"ამ ფაქტმა აღაშფოთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ჟანდარმერია. ”საქართველოს ხელისუფლება გამოძიების მასალებს, რომლებსაც მტკიცებულების ხასიათი არ გააჩნიათ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს", - აცხადებს ფრანგული მხარე.

თავის მხრივ, ეკა ზღულაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამგვარ შეფასებას აკეთებს: "ეს მასალა ადასტურებს ჩვენს შიშს ოპოზიციის ზრახვებზე. 2009 წელს ავსტრიის პოლიციამ გადმოგვცა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებდნენ იმ ფაქტს, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს სურდათ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია ოპოზიციის აქციების ფონზე."

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სასაცილოდ მიაჩნიათ ის, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ამ მასალას. "პატიმრების წამების ვიდეომასალის ფონზე ეს მასალა არაფერს წარმოადგენს. ეს გვიჩვენებს, თუ რა აგონიაშია სააკაშვილი. გოგა ხაინდრავა არცაა "ქართული ოცნების" წევრი", - ამბობს ერთ-ერთი მხარდამჭერი.

საქართველო ”კომპრომატების” ომის ფაზაში შევიდა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატიმრების წამების კადრების გავრცელების მერე დაიწყო.

"ფიგარო", საფრანგეთი