"საჭიროა რეალური ალტერნატივა" - კვირის პალიტრა

"საჭიროა რეალური ალტერნატივა"

ახალგაზრდა ქართული დემოკრატია, რომელიც ოთხი წლის წინ რუსეთს დაუპირისპირდა, დღეს კვლავ მოექცა ევროპელი დიპლომატებისა და ევროპული მასმედიის ყურადღების ცენტრში. რაც უფრო ახლოვდება 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო იგრძნობა დაძაბულობა. გასულ კვირას ეს დაძაბულობა მოულოდნელად გაამწვავა ბადრაგების მიერ პატიმრების წამების ვიდეომასალის გამოქვეყნებამ. ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილია: მულტიმილიარდერი, ფილანთროპი, ოპოზიციის ლიდერი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, სათავეში უდგას კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ. ივანიშვილი ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში. ის 90-იან წლებში რუსეთში გამდიდრდა. დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერია, რომლის ზოგიერთი წევრი გამოირჩევა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით.

ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შედის; მისი პირადი ქონება აღემატება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს და იმედოვნებს ამის გამოყენებას თავისი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად. ბრიუსელიდან ვაშინგტონამდე  მის მიერ დაქირავებული უამრავი ლობისტი ზრუნავს მმართველი პარტიის სახელის გასატეხად და დასამცრობად. ამავე დროს, მისი საარჩევნო კამპანია გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის საპრეზიდენტო კამპანია ერთად აღებული.

ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული სტრატეგია შემაშფოთებელია, თუკი გავიხსენებთ მის მოწოდებას სახელმწიფო მოხელეებისადმი, - მასობრივად დატოვეთ სამსახური, სანაცვლოდ ასმაგი ოდენობის ხელფასს მიიღებთო. ეს ბადებს კითხვას ფულის როლზე პოლიტიკაში.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია უნდა უპირისპირდებოდეს ძლიერ ოპოზიციას, არა მხოლოდ ნორმალური მოვლენაა, არამედ განსაკუთრებულად აუცილებელია ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის. თუკი საქართველოს სურს ერთ მშვენიერ დღეს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ამისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ქარიზმა და გაშმაგებული რეფორმები საკმარისი არ იქნება. საჭიროა, რომ გაჩნდეს რეალური ალტერნატივის შესაძლებლობა; რომ პოლიტიკური სცენა იყოს უფრო კონკურენტული, ვიდრე ახლა არის. ამავე დროს, მიუღებელი უნდა იყოს დიდი ფინანსური რესურსების გამოყენება დემოკრატიული რევოლუციის შედეგად შექმნილი პოლიტიკური პროცესისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოსათხრელად.

მოლდოვასთან ერთად საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებული მაგალითია. ამ პროგრამის რეალიზება მაშინ დაიწყო, როდესაც მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. საუბარი მიდის პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის დამკვიდრებაზე. ეს უნდა იყოს მაგალითი ავტორიტარული რეჟიმებისთვის; პირველ რიგში ვლადიმირ პუტინისთვის, რომელიც ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩამოიშალა 2008 წელს.

ევროპამ მკაფიოდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, თავი შეიკავოს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევისგან.

ჩვენ მოგვდის შემაშფოთებელი სიგნალები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იუწყება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდის შესახებ. რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო წვრთნებს ატარებენ ჩრდილოეთ კავკასიასა და სომხეთში, რაც დროში საარჩევნო კამპანიის დასასრულს ემთხვევა. ბოლო დროს ვლადიმირ პუტინმა არაერთი შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა. კერძოდ ის, რომ პირადად მონაწილეობდა 2008 წლის ომის დაგეგმვაში.

ოთხი წლის წინ საფრანგეთმა გამოიჩინა პოლიტიკური სიმამაცე და სწრაფი დიპლომატიური რეაგირება, რამაც დიდწილად ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა განვამტკიცოთ ეს მიღწევა და დღეს არ დავუშვათ ის, რაც გუშინ ავიცილეთ. ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოს ეხება. საუბარი მიდის ნდობაზე ევროპისადმი. მიუხედავად ყველა დაშვებული შეცდომისა, საქართველომ შეძლო ისეთი სახელმწიფო მოდელის შექმნა, რომელიც ალტერნატივას წარმოადგენს იმ სისტემისთვის, სადაც ჭარბობს კორუფცია და ავტორიტარიზმი. მსოფლიო ბანკმა ახლახან ანგარიში გამოაქვეყნა იმ რეფორმებზე, რომლებმაც კარდინალურად შეცვალა საქართველო 2004 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი პროგრესისთვის, დემოკრატიული პროცესები უნდა გაძლიერდეს. ცხადია, რომ ხელისუფლება პასუხს აგებს წარუმატებლობასა და იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა ეპოქის წამებებს ადგილი ჰქონდა საქართველოს ციხეებში. მაგრამ ის, რომ პენიტენციარული სისტემის ახალ მინისტრად დანიშნეს ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, რომელიც ამ სისტემის ყველაზე დიდი ოპონენტი იყო, ნუთუ არ არის განსაკუთრებული სიგნალი ამ რეგიონის სხვა ლიდერებისთვის?

ევროპის დემოკრატიებმა არ უნდა გამოიჩინონ გულგრილობა ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისადმი.

"ლიბერასიონი", საფრანგეთი