გაგვაოცებს საქართველო? - კვირის პალიტრა

გაგვაოცებს საქართველო?

აშშ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტ ბარაქ ობამას მცირე უპირატესობა აქვს. ის იმედოვნებს, რომ არ გამოჩნდება საგარეო პოლიტიკურ სცენაზე რაიმე ისეთი, რაც მის ადმინისტრაციას პრობლემას შეუქმნის.

1-ელ ოქტომბერს დაგეგმილმა ქართულმა არჩევნებმა ობამას ზუსტად ასეთი პრობლემა შეიძლება შეუქმნას, - ისეთი, როგორიც მას არ სჭირდება და არ უნდა.

ქართული არჩევნები ცხარედ საკამათო რბოლაა, სადაც მმართველი პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აკონტროლებს თითქმის მთელ საქართველოს, ერთპარტიულ ქვეყანას, მისდევს პოლიტიკური და მედიის რეპრესიების გზას, რაც არაეთიკურია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მან შეიძლება გაიმარჯვოს 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ ამ გამარჯვებას უთუოდ საყოველთაო და ალბათ სწორი რეაქცია შეხვდება.–ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ არჩევნები მოპარული იყო პოლიტიკური კლიმატისა და იმის გამო, რომ კამპანიის პერიოდში საბაზისო თავისუფლებანი არ არსებობდა.

ძნელი წარმოსადგენი არ არის მოვლენათა ასეთი განვითარება. მათი ხმების მოპარვით განრისხებული ქართველი ხალხი დემონსტრაციებსა და სხვა სახის აქციებში ჩაერთვება და მოითხოვს მათი პრობლემების გადაწყვეტას.

ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარად განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, მაგრამ ეს კიდევ უფრო პრობლემური იქნება საქართველოს შემთხვევაში. საქართველო აშშ-ის ახლო მოკავშირეა და დიდად არის დამოკიდებული უცხოურ, ყველაზე მეტად კი ამერიკულ დახმარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება, საქართველოს აშშ-ში  ისე ხატავენ, როგორც დემოკრატიის ბასტიონს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად თავისუფალ რეგიონში, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება მეტისმეტად გაზვიადებულია.

მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას გზავნის ჯარს ერაყსა და ავღანეთში. ამ უკანასკნელში საქართველოს მესამე, ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ეს დახმარება ავღანეთში ის მთავარი მიზეზია, რის გამოც აშშ შედარებით დუმს სააკაშვილისა და მისი მთავრობის  ავტორიტარულ ექსცესებზე.

ის ფაქტი, რომ ასობით ათასმა ადამიანმა შეიძლება გააპროტესტოს არჩევნების გაყალბება იმ ავტორიტარული ლიდერის მიერ, რომელსაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და ეს მოხდება ამერიკულ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ალბათ, არ იქნება სასიამოვნო ობამას ადმინისტრაციისთვის, რადგან ის ცდილობს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი წინასაარჩევნო დრამა. გაყალბებული არჩევნები საქართველოში და შემდგომი პროტესტი, თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციური ბლოკის "ქართული ოცნების" მიერ  ჩატარებულ წინასაარჩევნო ღონისძიებებს, შეიძლება უზარმაზარი აღმოჩნდეს და ადმინისტრაციას არც ისე ბევრი არჩევანი დაუტოვოს.

თუ ობამას ადმინისტრაცია გადამწყვეტ მომენტში არ ჩაერევა, დემონსტრაციები, ალბათ გაგრძელდება, მათ ექნება კრიტიკული ტონი დასავლეთისა და ამერიკის უმოქმედობაზე და იმაზე, რომ ადმინისტრაციამ უჩუმრად დართო ნება სააკაშვილის საარჩევნო თაღლითობას.

ეს არ იქნება კარგი და ამომრჩეველს გაახსენებს, თუ როგორ არ მოისურვა ადმინისტრაციამ გადაედგა დროული და მტკიცე ნაბიჯები მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ეგვიპტესა და სხვაგან, ჩრდილოეთ აფრიკაში, 2011 წლის დასაწყისში. ხანგრძლივმა დემონსტრაციებმა საქართველოში შეიძლება ქვეყანა დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს და აშშ-ის უსაფრთხოებას რეგიონში საშიშროება შეუქმნას, რადგან კონფლიქტები ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის აქ უკვე ძალზე რეალური გახდება.

პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მცდელობა არჩევნების შემდეგ ობამას ადმინისტრაციისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი შეიძლება მოწყვლადი გახდეს რესპუბლიკური პარტიისა და მიტ რომნისთვის, რადგან ისინი მას საკვანძო პარტნიორების ღალატს დააბრალებენ. სააკაშვილი მემარჯვენეებისთვის კვლავინდებურად საყვარელია. მიუხედავად ბოლო წლების მტკიცებულებებისა, ის მათთვის მაინც რადიკალურ რეფორმატორად აღიქმება. თუ ობამა სააკაშვილს ამერიკული არჩევნების წინ გაემიჯნება, რომნი, ალბათ, გააორმაგებს ობამას კრიტიკას და იტყვის, რომ ის არ უჭერს მხარს ამერიკის მეგობრებს.

შესაძლოა ქართულმა არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და აშშ-ს არაფერი ავნოს, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჯარიმები, დევნა და ოპოზიციისათვის კამპანიის აღკვეთის ძალისხმევა უფრო ხშირდება საქართველოში.

ამიტომ ობამას ადმინისტრაცია ოქტომბერში საქართველოდან ყველა შესაძლო სიურპრიზს უნდა ელოდეს. ერთი წლის წინ ამერიკას ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეეძლო საქართველოში არჩევნების უკეთ ჩასატარებლად.

"რეალ კლეარ ვორდი", აშშ

ლინკოლნ მიტჩელი