პოლიტიკურად მოტივირებული ციხის სკანდალი - კვირის პალიტრა

პოლიტიკურად მოტივირებული ციხის სკანდალი

ადამიანი, რომელიც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს ადიდა ქვეყნის გათავისუფლებისთვის, რომელიც „დემოკრატიის შუქურად“ გარდაიქმნა, ახლა როგორც ჩანს, გამწარებული ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ქვეყნის შუქი ჯერ კიდევ ანათებს, და იგი, მისი ყოვლისშემძლე ლიდერი, უბრალოდ ბრიყვია, გარემოსგან მოწყვეტილი და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დანაშაულზე, რომელსაც მისი ხალხი მისი მმართველობის ქვეშ სჩადიოდა. ეს ტირანების კლასიკური პოზაა, როდესაც მოვლენები და საზოგადოებრივი აზრი მათ ზურგს აქცევს: მე ცუდი არ ვარ, უბრალოდ სულელი ვარ. ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კამპანიის ლოზუნგადაც გამოდგებოდა, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა უნდა.

მოვლენა: გასულ კვირაში საქართველოში ორმა ტელეკომპანიამ, რომელიც მხარს ოპოზიციურ კანდიდატს უჭერს (აქედან ერთ-ერთის მეპატრონე თავად ეს ოპოზიციური კანდიდატია) ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ადგილობრივ ციხეში პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული. ქვეყანაში ახლაც საპროტესტო დუღილია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათასობით ადამიანი საჯაროდ შეიკრიბა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა, რომელიც ბოლო დრომდე მის პოლიტიკურ ოპონენტს რეიტინგებში 20%-ით უსწრებდა. ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის ამ ათასობით მამაცი ადამიანის მხრიდან ისეთ ქვეყანაში, სადაც ღია ოპონირებას შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს, როგორც ეს ბევრმა ქართველმა მწერალმა და გამომცემელმა აღმოაჩინა, ხოლო პატიმრობას - ის სისასტიკე, რაც ახლახან ვიხილეთ.

საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ციხის ზოგიერთი მცველი, რომელმაც პატიმრების გაუპატიურებისა და ცემის მაკომპრომეტირებელი კადრები გადაიღო, მოსყიდული და „პოლიტიკურად მოტივირებული ხალხია.

კარგი, შეიძლება ეს ადამიანები მოისყიდეს, მაგრამ შეიძლება არა. დიახ, შეიძლება ისინი პოლიტიკურად მოტივირებულებიც იყვნენ, მაგრამ ეს გამართლებაა? ეს არის განგაშის სიტყვები ადამიანისა, რომელსაც სინათლე მოაქვს?

"ვორდ აფეარსი", აშშ