მიხეილ სააკაშვილის ტრაგედია
მიხეილ სააკაშვილის ტრაგედია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნები, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. რამდენად გადამწყვეტი? როგორც ერთმა ჩემმა აქაურმა მეგობარმა თქვა, - ეს არის აპოკალიფსური კრიზისი, რომელსაც თითოეულის გულის სიღრმიდან ყველაზე დაფარული ამოაქვსო.

ეს გაზვიადება არ არის. ბრძოლის ემოციურმა ტემპერატურამ გასული სამშაბათის ღამეს თერმომეტრი გახეთქა, როდესაც ოპოზიციურმა ტელევიზიამ ბელგიაში გაქცეული ციხის თანამშრომლის მიერ მიწოდებული ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს მცველებისა და მათი უფროსების მიერ პატიმრების რიგრიგობით წამება, დაცინვა, სექსუალური ძალადობა და ცოცხის ტარით გაუპატიურება.

ბრაზიანი
დემონსტრაციები დედაქალაქ თბილისის ექვს სხვადასხვა ნაწილში იმართება, მიუხედავად პატრიარქ ილია II-ისა და მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისგან მათი ჩაცხრობის მცდელობისა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმედოვნებს, რომ ამ კადრებს არჩევნების დღემდე (1-ლი ოქტომბრისთვის) ეკრანები
დან გააქრობს და ხალხი არჩევნებზე წავა წარსულის შიშით - ივანიშვილის, რუსეთისა და ზოგადად გაურკვევლობის მიმართ.

რამდენიმე ინტელექტუალი კვლავ ცდილობს მთავრობის დაცვას და ამტკიცებს, რომ სისასტიკე ციხეში ყველგან ხდება, ამის აღმოფხვრა რთულია და მიღებულია შესაბამისი ზომები, რომ ციხეს ჩამოაშორონ ბოლოდროინდელ ძალადობაზე პასუხისმგებელი "ავადმყოფი" თანამშრომლები. კარგი არგუმენტებია, თუ მხოლოდ ამ ვიდეოებით ნაჩვენები ინციდენტებით შემოვიფარგლებით.

მაგრამ იყო თუ არა უფრო მეტი რამ ამ კრიმინალის უკან?
ვფიქრობ, ქართველებმა რეაქცია ასე მწვავედ იმიტომ გამოხატეს, რომ ვიდეოები ქვეყანაში არსებული რეალობის სიმბოლოა. ის, რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა, ცალკეული შემთხვევა არ არის, არამედ სასტიკი სისტემაა, რომლითაც ბიუროკრატიული ძალადობის სპეციფიკური პროგრამა იმართება: პატიმრებს მწყობრში, ბიუროკრატიულ რიგში აყენებენ, ხელში მათი საქმეები უჭირავთ და სცემენ, ამცირებენ.
რა შეიძლება ყოფილიყო ამ სისტემის მიზანი?

ამის წარმოდგენა ძნელი ნამდვილად არ არის: ის არაფრით განსხვავდება შეურაცხყოფისა და დაცინვის იმ რიტუალებისგან, რომლებსაც დასავლეთშიც ვიცნობთ: მიზანი ადამიანების კონტროლი და იმის დემონსტრირებაა, რომ მათ არანაირი უფლება და ძალა არ აქვთ, ისინი მთლიანად მათ ხელში არიან. ციხის ქართველი თანამშრომლები ამით პატიმრებს აშინებენ, ამცირებენ და ღირსებას ულახავენ (გაუპატიურება, ცხადია, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფორმაა. კულტურაში, სადაც ჯერ კიდევ ღრმაა შიში ჰომოსექსუალიზმის მიმართ, ასეთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი კიდევ უფრო შეურაცხყოფილებად და ცხოვრებიდან გარიყულებად გრძნობენ თავს).

ამგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კვალად იოლი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში არიან ქართველი ბიზნესმენები: მათ უეცრად საგადასახადო პოლიცია, ან ჩვეულებრივი პოლიცია სტუმრობს, ეუბნება, რომ მათ დაარღვიეს კანონი (ნამდვილი ან გამოგონილი), რისი გამოსყიდვაც შეიძლება დიდძალი თანხის ანონიმებისთვის გადაცემით, ასევე ავტომობილების დათმობით, უსასყიდლო მუშაობით სამთავრობო პროექტებზე ან მათი კომპანიების აქციების დიდი ნაწილის გაჩუქებით.

ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლის ზოგიერთ დეტალს შევცვლი, რომ პოლიციამ წყარო ვერ ამოიცნოს: ჩემს მეგობარს უეცრად საგადასახადო პოლიცია ესტუმრა და უთხრა, - შენმა კომპანიამ გარკვეული უკანონობა ჩაიდინა (რაც, ჩემი მეგობრის თქმით, გამოგონილი იყო) და პრობლემის მოგვარება 125 000 ლარის ($77 000) გადაცემით შეიძლებაო. ის უმტკიცებდა, - დამნაშავე არ ვარ, არც ამდენი თანხა მაქვსო. მათ უპასუხეს: შეგიძლია ისესხო შენი ნათესავებისგანო და დაუსახელეს კონკრეტული ნათესავები, თან უთხრეს, რა ოდენობის თანხა უნდა ეთხოვა თითოეული მათგანისგან. ისინი განაგრძობდნენ, - ოჯახის გარდა ამაზე კრინტი არავისთან დაძრა, არც მედიაში ან უცხოელ დიპლომატებთან მისვლა იფიქრო. ჩვენ ვიცით შენი ყველა შემოსავლის წყარო, შენი მშობლების ვინაობა, სად ცხოვრობენ ისინი, ვიცით, ვინ არის შენი ბებია და მისი სოფელი, რომელ სკოლაში დადიან შენი შვილები და სად თამაშობენ. იფიქრე მათზეო. არავის უხსენებია სასამართლოში წასვლა (თბილისის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ნებისმიერ გარემოებებში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1%-ია). მან გადაიხადა ფული.

ეს ფინანსური ტერორის სისტემაა, რომელიც ამბობს: "შენ არარაობა ხარ, არ გაქვს ძალა. გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს".“
ტერორი მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. მასწავლებლები მეუბნებოდნენ, სამსახურს დავკარგავთ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცემთ ხმას, ან თუ არ ჩავსხდებით ავტობუსებში 28 სექტემბერს და არ წავალთ სპორტის სასახლეში სააკაშვილის ტრიუმფალურ დემონსტრაციაზე დასასწრებადო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა შიშით მართვა.

საქართველოს საბჭოთა პერიოდიდან ვსტუმრობ და დღეს საზოგადოებაში შიში უფრო დიდია, ვიდრე დაბერებული პოლიტბიუროს პირობებში 1980-იანი წლების შუახანებში. მე ამერიკის მოქალაქე ვარ და უკვე მზად ვარ გასამგზავრებლად, მაგრამ გულწრფელად მეშინია იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემ მიერ დაწერილს. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია ვაკვირდები და ვფიქრობ, მთავარი ელემენტი, რომელსაც მთავრობა არჩევნების მოსაგებად ეყრდნობა, შიშია.

შეერთებული შტატების მთავრობა, ევროკავშირი, UNIСEF-ი და სხვები, რომელთაგანაც ქართველ პატიმრებზე ძალადობის დაგმობას ველოდით, ასეც მოიქცნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა მოწოდება გააკეთა, რომ საქართველოს მთავრობამ და სასამართლოებმა გამოძიება ჩაატარონ. პრეზიდენტი სააკაშვილი სატელევიზიო ინსტრუქციების მისაცემად შეხვდა ახალ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეს -  ყველა მათგანი ახალდანიშნულ, მაგრამ უკვე გადამდგარ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ეჭვმიტანილია იმაში, რომ ბიზნესმენების, პატიმრებისა და სხვების მიმართ წარმოებულ ტერორში მთავარი მოქმედი ფიგურები იყვნენ...

ამდენად, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება, ჩატარდეს გამოძიება, შეიძლება მივამსგავსოთ 1938 წელს ამხანაგ სტალინის მიერ ლავრენტი ბერიასადმი გაცემულ განკარგულებას, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს უნდა დაედგინა სიმართლე სოციალისტური კანონების დარღვევების შესახებ.
"ვარდების რევოლუციონერ" სააკაშვილს პირველს უნდა ემხილებინა თუ არა ჩინოსანთა სამსახურებრივი დანაშაული, წამება და გამოესწორებინა სიტუაცია? რა მოუვიდა ახალგაზრდა მამაც მიშას, რომელიც არჩევნების გაყალბებას ვარდებით დაუპირისპირდა, ფეოდალური კორუფცია აღმოფხვრა, მაფია დაამარცხა, არშემდგარი სახელმწიფო ფეხზე დააყენა და რუსულ ტანკებს მტკიცედ აღუდგა?

დიახ, ეს ყველაფერი სააკაშვილმა და მისმა ამხანაგებმა გააკეთეს, რამაც თავბრუ დაახვია მათ და საკუთარ სიმართლეში, შესაძლებლობებსა და ძალაუფლებაში დაარწმუნა...
დასაწყისშივე "ვარდების რევოლუციას" სადამსჯელო სულისკვეთება ჰქონდა, შესაბამისად, დასაწყისშივე სააკაშვილის პროექტი წინააღმდეგობრივი იყო; სინათლის სახით მას ლიბერალური დემოკრატია უნდა მოეტანა, მაგრამ ისეთ ბნელ და დასნეულებულ ადგილას, როგორიც საქართველო იყო, სააკაშვილის აზრით, ეს ხისტ ზომებს მოითხოვდა.

არშემდგარ სახელმწიფოსთან გასამკლავებლად, რომელიც მათი მტკიცებით მემკვიდრეობით ერგოთ, რევოლუციონერები რესურსს ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული მოხელეებისგან ფულის წართმევით აგროვებდნენ ისე, რომ მსგავს საქმეებზე სასამართლო პროცესებიც არ იმართებოდა. ამ და სხვა იმპროვიზაციების საშუალებით სწრაფად ააშენეს ძლიერი სახელმწიფო. ახლა მათ გააჩნდათ ეფექტიანი ინსტრუმენტი ნებისმიერი იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც სჭირდებოდათ ან სურდათ. ასე დაიწყეს მათ თავიანთი კეთილშობილური მიზნებისთვის ფულის გამოძალვა ნორმალური ბიზნესმენებისგან, როგორც კი ფული შემოაკლდებოდათ.
შემდეგ მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ძლიერ სახელმწიფოს შეიძლება არა მხოლოდ ფული, არამედ დაშინებით და გაყალბების გზით ხმებიც მოეტანა. ეს 2007 წელს გამოადგათ, როდესაც სააკაშვილი, ისევე როგორც ბევრი გმირი, რომელიც ხელისუფლებაში მანამდე მოსულა, არაპოპულარული გახდა. მას შეეძლო მაშინ თანამდებობის დატოვება, ისევე როგორც მიმდინარე სკანდალის დროს, და ეს რომ გაეკეთებინა, შეიძლება ერთ დღეს ტრიუმფით დაბრუნებულიყო. მაგრამ რა მოუვიდოდა მას ამავე დროს? ამდენი არალეგალური ქმედების და ამდენი ადამიანისთვის ღირსების შელახვის კვალად ის და მისი მეგობრები ყველაფერს დაკარგავდნენ. სააკაშვილი დღეს ხაფანგში გაბმული, ტრაგიკული ფიგურაა.

არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ სააკაშვილს გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში როგორც ნამდვილი ქართული სახელმწიფოს შემქმნელს მეტად არახელსაყრელ პირობებში. არც მისი რუსული იმპერიალიზმისადმი მტკიცე წინააღმდეგობა უნდა უგულებელვყოთ.
არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელია. მისი კამპანია ძალიან ტოლერანტული და კვალიფიციურიც კი არ იყო. მაგრამ ივანიშვილს ეყო გამბედაობა, რომ სისტემაში, სადაც საზოგადოებისთვის "შავი ფულის" გამოძალვით, ყველაფერი ერთ ჯგუფს აქვს მონოპოლიზებული, თავისი უზარმაზარი ქონების ნაწილი ნამდვილი ოპოზიციური მოძრაობის შესაქმნელად გაეღო. ეს მან პირადი, ძალიან დიდი რისკის ფასად გააკეთა.

ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის, ჯონ მაკკეინმა, საქართველოში გაჩაღებული საარჩევნო ბრძოლისას, სააკაშვილისთვის მძიმე ჟამს, დახმარების მიზნით, ინსტინქტურად გამოუცხადა მხარდაჭერა. მაგრამ ინსტინქტი ყოველთვის როდია საუკეთესო გზამკვლევი რთულ საერთაშორისო გარემოებებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააკაშვილის მმართველობის საოცრად ბნელ მხარეს უნდა შევეგუოთ.
დავაკვირდეთ გადამწყვეტ არჩევნებს და საღად განვსაჯოთ, რომ გასულ კვირაში გამომზეურებული მეთოდური წამება და გაუპატიურება არ არის ცალკეული არაცივილიზებული შემთხვევები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში; ეს გაცილებით ღრმა კრიზისის სიმპტომებია, რომლითაც დღეს საქართველოს მთელი პოლიტიკური სისტემაა გაჟღენთილი.

ჩარლზ ფერბენქსი-უმცროსი

ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.
ფერბენქსი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო და პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტში მუშაობდა. მუშაობდა ასევე იელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.


"ატლანტიკი", აშშ
Lucifer
05 ოქტომბერი 2012 12:01
maxo--- რომ ამბობ უკვე 4 შემთხვევა არისო, ადრე ვიდეოპატრულს არ უყურებდი მაინც რამდენი ყაჩაღობა,მკვლელობა და ძარცვები ფიქსირდებოდა? ეს რომ გააშუქეს და ენები წაიგდეს ტელევიზიებმა მაშინ იმ ძველებს ასე დეტალურად რატომ არ აშუქებდნენ და გაჰკიოდნენ? ისე გამოდის რომ ის 35 000 პატიმარი სულ ტყუილად ზის დღესდღეობით საპყრობილეებში.. 35 000-ივე რომ გაეშუქებინათ ასე დეტალურად მაშინ მარტო კრიმინალური გადაცემები უნდა ყოფილიყო მაგ არხებზე, რამდენმა მოიხადა და გამოსულია ისინიც ჩათვალე. თუ აზროვნების უნარი გაგაჩნია კარგად უნდა ხვდებოდე რაშიც არის საქმე!! მაგრამ არ გინდა და ვერ ხვდები კი არა არ ხვდები!!!
Lucifer
05 ოქტომბერი 2012 11:02
maxo-- და შენ გგონია ივანიშვილი უშვებს ხალხს საყაჩაღოდ და საქურდავად? ისევ ნაცბანდა ხართ ეგ გარეწრები და ქუდბაცაცები,სპეციალურად აკეთებთ მაგას გინდათ ვითომ დაანახოთ ხალხს რომ ეგე მოვიდა თქვენი რჩეული მთავობა და ნახეთ რეები ხდება პირველივე კვირასო. თქვენივე პოლიციელები არიან სპეციალური დავალებით ან პოლიციასთან გარიგებული ბანდიტები არიან ეგენი. როგორ შეიძლება იპოვო დანაშაულის ადგილიდან 7 კილომეტრში მძარცველი,რომელმაც ქალს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯა ყელიდან და როგორ შეიძლება ვერ იპოვო მძარცველი რომელიც დღისით მზისით შედის ბანკში და ფულს იტაცებს???? ჯერ კიდევ ახალ მთავრობას არ ჩაუბარებია მმართველობა და ეს იმას მეტყველებს პოლიციის კადრიც შესაცვლელია მთლიანად რახან ამას აკეთებენ!!!
dobermani
04 ოქტომბერი 2012 18:00
მახო- ძარცვა როგორ უნდა აღკვეთოს ივანიშვილმა ჯერ ძალაუფლება არ გადაუბარებია. და კიდევ: რატომ გგონია თუ ცოცხით არ გააუპატიურებ და კაციჭამიებს არ მიუსევ ქართველები აუცილებლად ძარცვაზე გადავა? სისტემა თუ ძლიერია ძარცვა უნდა აღკვეთოს და არ დაიშალოს 2 დღეში.მე როგორც ვატყობ შენი IQ-ს პატრონი ვერ გაიგებს რაც დავწერე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები