ევროკავშირის მძიმე ტვირთი «ევროპის ხმა», ბელგია - კვირის პალიტრა

ევროკავშირის მძიმე ტვირთი «ევროპის ხმა», ბელგია

EuropeanVoice.com

ევროკავშირი მარტო დარჩა, რადგან გაერომ და ეუთომ საქართველო დატოვეს, რეგიონში კვლავ დაძაბული სიტუაციაა.

საქართველოში ყოფნისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის პარლამენტში მქუხარე ტაში და ამერიკული ტელეარხების აღფრთოვანებული რეპორტაჟები დაიმსახურა. ერთი კვირით ადრე კი თბილისში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის ვიზიტმა შეუმჩნევლად ჩაიარა როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში.

ერთი შეხედვით, ეს უცნაური ფაქტია. ბილდტი, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთადერთი არააღმოსავლელი და ცენტრალური ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც ერთი წლის წინ რუსეთის საქართველოზე თავდასხმა დაგმო და რუსული ტაქტიკა ნაცისტურს შეადარა. დღესდღეობით შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი და მოკავშირეა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ის უკანასკნელი საერთაშორისო მისიაა, რომელიც ამ ქვეყანაში დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო რეგიონი გაეროს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიებმა დატოვეს. ევროკავშირი კი ჟენევის მოლაპარაკებების, აჯანყებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების განხილვის მთავარი ფორუმის თანათავმჯდომარეა.

ქართველებს და საერთოდ, ევროკავშირს ბილდტის ვიზიტის მიმართ აშკარა ინტერესი არ გამოუვლენიათ. მსგავსი განწყობა სუფევდა დეპუტატებში ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის სხდომაზეც. 21 ივლისს გამართული ორსაათიანი მოსმენის დროს, დეპუტატებმა აშკარად გამოხატეს ამ თემისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ბილდტს კი მოგზაურობაზე თითქმის  არაფერი უთქვამს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში ევროკავშირს ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდა და მასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი სტრატეგია დღესაც არ გააჩნია. ევროკავშირის აღმოსავლეთ-პარტნიორობა, შვედურ-პოლონური ინიციატივა, რომელიც მაისში ამოქმედდა, სამივე ქვეყანას მოიცავს, მაგრამ არ წარმოადგენს თანამიმდევრული პოლიტიკური მიდგომის ალტერნატივას.

შარშანდელი აგვისტოს ჩათვლით ევროკავშირი თვალს ხუჭავდა რუსეთის უამრავ დარღვევაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყიფე სამშვიდობო პროცესში. მან ამას ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიაქცია, რაც ომი დაიწყო და რამაც ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ექსტრემალური პოლიტიკის გატარება აიძულა.

ერთი წელი გავიდა და ევროკავშირი სარკოზის დიპლომატიის ნაყოფზე დღესაც კამათობს. მაშინ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწრაფად გაფორმდა, შედეგად კი რუსეთს მრავალრიცხოვანი დარღვევის განხორციელების შესაძლებლობა გაუჩნდა, რომლებსაც ევროკავშირი ვერაფრით უპირისპირდებოდა. რუსებმა, დიპლომატიური თვალსაზრისით, სარისკო სტრატეგია აირჩიეს, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მოსკოვის ტრადიციულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არაფრით არა არის გამართლებული.

საქართველოში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის - მკვეთრად პროამერიკული პრეზიდენტის ოპოზიციამ ფაქტობრივად, სული დალია.

"ახლა ჩვენს მხრებზე (საქართველოში) უზარმაზარი ტვირთია", - განაცხადა საქართველოში კონფლიქტების საკითხებზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, პიერ მორელიმ. თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომლებიც ეღობებათ დამკვირვებლებს და უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებებს, ამ ტვირთის სიმძიმე მხოლოდ მატულობს.