შეიძლება "ქართული ოცნება" კოშმარად იქცეს? - კვირის პალიტრა

შეიძლება "ქართული ოცნება" კოშმარად იქცეს?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიაზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ცხრაპარტიულმა კოალიციამ შეიძლება მიიჩნიონ, რომ მათი ქართული ოცნება განხორციელდა; თუმცა კოალიციის ერთობის შენარჩუნება და ქვეყნის ეფექტიანი მართვა შეიძლება საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდეს.

საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი იოლი არ იქნება. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, კაბინეტის ახალი შემადგენლობა თავად წარადგინოს, მაგრამ მის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოიწონოს, თუმცა, სახელმწიფოს მეთაურმა უკვე აღნიშნა, რომ ის არ შეუშლის ხელს "ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატების წარდგენაში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს კოალიცია მტკიცედ დაადგა მმართველობის განხორციელების გზას, ზოგიერთ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს "ქართული ოცნებისთვის", ხოლო ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის მიზანი შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" თავისი დასახრჩობი თოკის მიცემა იყოს.

"პარტიებისთვის მინისტრების სავარძლების განაწილებამ შეიძლება კოალიციას დაშლისკენ უბიძგოს, - მიაჩნია პოლიტოლოგ მალხაზ მაცაბერიძეს, - ამ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მეტიც, ზოგიერთებს კარდინალურად განსხვავებული.„მათ შორის არა მხოლოდ იდეური სხვაობები შეიმჩნევა, არამედ ზოგიერთებს უბრალოდ, არ მოსწონთ ერთმანეთი".

ივანიშვილი, რომელიც კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, არჩევნებამდე არ გამორიცხავდა არჩევნების შემდეგ კოალიციის შესაძლო დაშლას, არჩევნების შემდეგ კი ამაზე არაფერი უთქვამს. თუკი "ქართული ოცნება" საკუთარი საკანონმდებლო პროგრამის რაიმენაირ რეალიზებას იმედოვნებს იმ ფონზე, როდესაც არ აქვს 100 მანდატი, რაც კონსტიტუციურ უმრავლესობას უზრუნველყოფს და არ ჰყავს 90 დეპუტატი, რაც აუცილებელია პრეზიდენტის ინიციატივების დასაბლოკად, მტკიცე ერთობის შენარჩუნება დასჭირდება. ხოლო ზოგიერთი მისი ყველაზე ამბიციური მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, კონსტიტუციის შეცვლა ან პარლამენტის ქუთაისიდან უკან, თბილისში დაბრუნება, კოალიციას ყველაზე ცოტა - "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება.

თუკი კოალიციის წარმომადგენელთა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს გავითვალისწინებთ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება გაუიოლდეს საპარლამენტო დებატების დროს წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენება და ქულების დაგროვება. კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ცოტას თუ უმუშავია მანამდე პარლამენტში, ასე რომ, მათ მაინცდამაინც არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივების და პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების ხელოვნების გამოცდილება.

"ევრაზიანეტი", აშშ