საქართველომ საკუთარი ნება გამოხატა - კვირის პალიტრა

საქართველომ საკუთარი ნება გამოხატა

კარჩაკეტილი მილიარდერის გასაოცარი გამარჯვება პროდასავლელი პრეზიდენტის პარტიაზე საქართველოში, არაერთ კითხვას აჩენს. თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემამდე თავად არჩევნები  იმსახურებს აღფრთოვანებას. უზარმაზარი მიღწევაა ის, რომ ამ პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, გამორჩეულად თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო და უფრო დესპოტურ გზებს მიმართავდა. ამ არჩევნების შედეგები ორივე მხარემ აღიარა. მიუხედავად ამისა, შემდეგ ნაბიჯებს უამრავი საფრთხე ახლავს. ქვეყანა გარდამავალ პოლიტიკურ ფაზაშია და ამ დროს გამარჯვებულმა და დამარცხებულმა ერთი წლის განმავლობაში ის ერთობლივად უნდა მართონ და საქართველომ ჯერ კიდევ უნდა იპოვოს თავისი ადგილი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ბ-ნი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება კიდევ ერთი წელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებული "ქართული ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობა გახდა და, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრად ივანიშვილს დაამტკიცებს. გაისად, შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომლის თანახმად, ძალაუფლების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.

მანამდე მეტოქეებმა როგორმე უნდა მოიშუშონ მანკიერი წინასაარჩევნო კამპანიის იარები. მაშინაც კი, როდესაც დიდსულოვნად აღიარა დამარცხება, სააკაშვილმა აღნიშნა, - ჩვენ გვჯერა, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარიაო. ბ-ნმა ივანიშვილმა კი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით მოთხოვნა უარყო.

ახალი მთავრობის კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთთან დაძაბულობის იმგვარად შემცირებაა, რომ ქვეყანამ უარი არ თქვას დასავლურ ამბიციებზე. ბ-ნ სააკაშვილს, რომელმაც მტკიცე პროდასავლური კურსი აიღო, მოსკოვი სრულად გაემიჯნა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ. რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა ქართულ ღვინოს და სხვა პროდუქტებს, რამაც ქართველებს დარტყმა მიაყენა, რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის–- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაც ღრმა ჭრილობად რჩება.

ბ-ნმა ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთში უზარმაზარი ქონება იშოვა, პირობა დადო, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს, ასევე ამბობს, რომ განაგრძობს მუშაობას ქვეყნის ნატოში გასაწევრებლად.

საარჩევნო კამპანიის დროს ვაშინგტონმა ბრძნულად აარიდა თავი რომელიმე მხარის მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა განაგრძონ ქართველების წახალისება დემოკრატიის მშენებლობისა და დასავლურ ინსტიტუტებში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. აშკარა ჩარევა მხოლოდ ფუჭი დაძაბულობის და ეჭვების საფუძველი გახდება.

რუსეთმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები აღადგენს კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე“ აგებულ ურთიერთობას.

საქართველოში ჩატარებული არჩევნებით რუსეთი უნდა მიხვდეს - საჭიროა თავი დაანებოს ეკონომიკურ ზეწოლას და გააცნობიეროს, რომ საქართველოს თავისი იმედები და ოცნებები აქვს.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ