საქართველოს პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ახალ მთავრობას დააკომპლექტებს, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა ივანიშვილის "ქართული ოცნების" კოალიციასთან. მან ქართველებს არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდა. "ვფიქრობ, ოპოზიციის შეხედულებები მცდარია, მაგრამ დემოკრატია ასე მუშაობს", - განაცხადა მან.

პრეზიდენტის წამყვანმა მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ივანიშვილს ხელს არ შეუშლის. "სააკაშვილი შედეგებით ძალიან იმედგაცრუებულია. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებულია - ლიდერებმა არ უნდა ითაღლითონ არჩევნებში, არ უნდა შეეწინააღმდეგონ ხალხის ნებას", - განუცხადა მან Gუარდიან-ს და დასძინა, რომ პოლიტიკური დინამიკა“ოპოზიციის მხარესაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ის არის, თუ როგორ შეძლებენ თანამშრომლობას სააკაშვილი და ივანიშვილი იმ საარჩევნო კამპანიის ფონზე, რომელიც ურთიერთმტრობით ხასიათდებოდა. სამთავრობო წყაროები ივანიშვილს, რომელმაც თავისი 6.4 მილიარდდოლარიანი (4 მლრდ ევრო) ქონება რუსეთში დააგროვა, კრემლის მარიონეტად ხატავენ; ოპოზიცია სააკაშვილს ტირანს უწოდებს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს რჩება აღმასრულებელი ძალაუფლება და შეინარჩუნებს მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე - მომავალი წლის ოქტომბრამდე.

ამის შემდეგ საქართველო საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადადის. შემდეგი 12 თვის განმავლობაში, სააკაშვილს მოუწევს, სავარაუდო პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობა, მასთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კონსულტაციების გამართვა და მისი სახელმწიფო ბიუჯეტის მოწონება. მაგნატი აცხადებს, რომ მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები სააკაშვილის პრიორიტეტების ანალოგიურია და მოიცავს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ურთიერთობებს ვლადიმირ პუტინთან და რუსეთთან, რაც 2008 წლის დამანგრეველი რუსულ-ქართული ომის შემდეგ შეწყვეტილია. თუკი ივანიშვილი განაგრძობს ნატოს წევრობის მიმართულებით მუშაობას, ეს საქართველოს კრემლთან დაპირისპირების გზაზე დააყენებს.

რუსეთი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს და განაცხადა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ  შესაძლებელი გახდება რუსეთ-საქართველოს შორის გაყინული ურთიერთობის აღდგენა.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი