ივანიშვილთან ლაპარაკი მოუწევთ... - კვირის პალიტრა

ივანიშვილთან ლაპარაკი მოუწევთ...

საქართველოში ხელისუფლების გადაცემა იწყება - ქვეყნის ისტორიაში პირველად ეს ხდება ძალადობის, რევოლუციის, სროლისა და თბილისის ქუჩებში ჯავშნიანი ტრანსპორტის გრუხუნის გარეშე, მშვიდობიანად და ცივილიზებულად, არჩევნების შედეგების მიხედვით, სადაც მმართველმა პარტიამ წააგო, ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში ან ამერიკაში. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა საქართველო ამ ევროპულ-ამერიკული სტანდარტების დაცვას.

სსრკ-ის დაშლის ოცი წლის მანძილზე არც რუსეთში, არც ამიერკავკასიაში, და მით უმეტეს შუა აზიის ქვეყნებში, ოპოზიცია ხელისუფლებაში არჩევნების გზით არასოდეს მოსულა. სწორედ ამიტომ, კიდევ კარგა ხანს იქნება საქართველო ყურადღების ცენტრში.

რამდენად ღრმად არის გამჯდარი ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ? როგორ მოიქცევიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები? დათანხმდებიან თუ არა ახალ მინისტრებთან, გუშინდელ ოპოზიციონერებთან თანამშრომლობას, თუ საბოტაჟს დაიწყებენ, პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი"? ხომ არ დაიწყებენ პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები "კუდიანებზე ნადირობას" - ახლა ხომ უკვე ისმის სააკაშვილის თანამებრძოლების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნები. ხომ არ ემუქრება საქართველოს საკუთრების გადანაწილება? შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდის რევანშისტული განწყობისგან დაცვას?

იმაზე, თუ რა პასუხს გასცემს საქართველო ამ კითხვებს, დამოკიდებულია, გახდება თუ არა ის მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენი სახელმწიფოებისათვის. დემოკრატიის ქართული მოდელის სიცოცხლისუნარიანობით დაინტერესებული არიან აშშ და ევროკავშირი. თუ მიხეილ სააკაშვილისგან ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ ჩაივლის, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ 2003 წლის შემოდგომაზე დასავლეთმა "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერით სწორი სტრატეგიული არჩევანი გააკეთა.

ბ-ნ ივანიშვილთან პარტნიორობა უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე სააკაშვილთან. მას არ ადევს 2008 წლის ჩრდილი, არ არის შეპყრობილი რუსეთთან წინააღმდეგობის იდეით, არ ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში დასავლელ პარტნიორებს თავისი ექსტრავაგანტური ქმედებებითა და ხისტი განცხადებებით, რასაც ხშირად აკეთებდა სააკაშვილი.

მოსკოვს კი ივანიშვილთან საქმის დაჭერა გარკვეული დოზით გაუადვილდება (ის ხომ სააკაშვილისგან განსხვავებით ანტაგონიზმს არ იწვევს), ზოგ შემთხვევაში კი გაუძნელდება. ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ახალი ლიდერი არანაკლები სიმტკიცით დაიცავს და არც ნატოში შესვლაზე აპირებს უარის თქმას.

რუსეთს თუ სააკაშვილის "კლინიკური რუსოფობიის" საბაბით მასთან დიალოგზე უარის თქმა შეეძლო, ივანიშვილთან ალბათ მაინც მოუწევს დალაპარაკება - და თანაც ისევ იმ მტკივნეულ თემებზე.

"კომერსანტი", რუსეთი