ივანიშვილი ამერიკამ იხმო - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ამერიკამ იხმო

ბიძინა ივანიშვილი, აწ უკვე საქართველოს ოფიციალური ლიდერი, პირველი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა თქვა, რომ მოწვევა აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ხელით მიიღო. ვიზიტი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების (6 ნოემბერს) შემდეგ შედგება. აქვე აღნიშნა, რომ მოსკოვიდან მოლოცვაც კი არ მიუღია და არ იცის, როდის შეხვდება რფ-ის ლიდერს.

საპარლამენტო არჩევნების ტრიუმფატორს ამჟამად ეტყობა, უფრო არჩევნების შედეგები აღელვებს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორებთან გამგზავრება.

ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" არ ეთანხმება ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ზოგიერთ ოლქში მიღებულ შედეგებზე. იგი ამტკიცებს, რომ არჩევნები "ნაციონალების" სასარგებლოდ გაყალბდა ხაშურში, ზუგდიდსა და ზოგიერთ სხვა რაიონში.

ივანიშვილმა შორს დაიჭირა თავი მიღებული ხმების დაცვის პროცესისგან და ეს საკითხი თანამებრძოლებს მიანდო. თავად კი მომავალი მთავრობის შემადგენლობის შერჩევას შეუდგა. ვის ერგება მინისტრების პორტფელები, არავინ იცის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მინისტრთა კაბინეტს თავად უხელმძღვანელებს და წინა მთავრობის პირველ პირთაგან თანამდებობებს არავინ შეინარჩუნებს.

საქართველოში გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენები ხდება, მაგრამ ეს დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ერთმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა ინტერნეტში დადო ვიდეორგოლი, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ წვავს ქაღალდების გროვას ახალგაზრდა კაცი ლისის ტბის მიდამოებში. ბევრმა ამ ყმაწვილში შსს-ს თანამშრომელი ამოიცნო. გაჩნდა ეჭვი, რომ მან "ნაციონალების" მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები გაანადგურა.

კვირის ბოლოს შსს კვლავ განსჯის საგანი გახდა. თბილისში ერთ დღე-ღამეში თავს დაესხნენ ერთ-ერთი ბანკის ფილიალს და სადილერო პუნქტს. ნიღბიანმა მძარცველებმა იარაღის მუქარით ფული გაიტაცეს. სკეპტიკოსებმა ეს მაშინვე მიაწერეს დამარცხებული ხელისუფლების განხორციელებულ "სცენარს" - აქაოდა, ნახეთ, უჩვენოდ რა მოხდება, არჩევნების წინ ხომ გაფრთხილებდით, კრიმინალები დაბრუნდებიანო. მათ გაფრთხილებას, რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნების თაობაზე მოულოდნელად მხარი აუბა ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, რომელმაც განაცხადა, - საქართველო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს დსთ-შიო.

ყოველივე ეს კი ივანიშვილს ხელს არ აძლევს....

"ნეზავისიმაია", რუსეთი