დემოკრატიული გარდატეხა საქართველოში - კვირის პალიტრა

დემოკრატიული გარდატეხა საქართველოში

საქართველომ, რომელიც დასავლეთში თავისი ინტეგრაციის სურვილით, უკვე ათ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია, იმ რეფორმატორებზე უარის თქმის ფასად, რომლებიც ქვეყანას 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მართავდნენ, დემოკრატიული გარღვევა მოახდინა. საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელსაც  სათავეში მილიარდერი და პოლიტიკური ახალბედა უდგას, დაამარცხა მმართველი პარტია და პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. ამ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კონკურენტული და სანდო არჩევნები უწოდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ქარიზმატულმა და სადავო ფიგურამ, რომელსაც ოპონენტები ხშირად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, დაადასტურა, რომ მისი ერთგულება ლიბერალური დემოკრატიისადმი რეალურია. სატელევიზიო გამოსვლაში მანამდე, სანამ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდებოდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აღიარებს თავისი პარტიის დამარცხებას არჩევნებში და დასძინა, რომ ნებას მისცემს გამარჯვებულ კოალიციას, აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი და ჩამოაყალიბოს კაბინეტი მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პირობებში, ის აღმასრულებელ ძალაუფლებას მომავალ წლამდე შეინარჩუნებს.

როგორც სააკაშვილის მთავრობა, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური მოძრაობა "ქართული ოცნება", დამნაშავენი არიან კამპანიის დროს დარღვევებსა და ექსტრემისტული რიტორიკის გამოყენებაში. შიშობდნენ, რომ ოპოზიციის დამარცხებას ქუჩის დემონსტრაციები და ძალადობა მოჰყვებოდა, მაგრამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა საქციელმა იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა კავკასიაში და პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიის ქვეყნების შემდეგ, რომელიც შექმნის სტაბილურ, ქმედით დემოკრატიას.

ეს მოხდება თუ არა, უპირატესად დამოკიდებულია ბ-ნ ივანიშვილზე, რომელმაც თავისი 6-მილიარდდოლარიანი ქონება რუსეთში დააგროვა და ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი წლის წინ შეაბიჯა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სააკაშვილისეულ პოლიტიკას,  მაგრამ უარს ამბობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე, რომელმაც 2008 წელს საქართველოს ინტერვენციის ბრძანება გასცა და მიხეილ სააკაშვილის დამხობა კრემლის პრიორიტეტად აქცია.

ბ-ნმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ექსტრაორდინარული იმპულსი მისცეს დასავლურ დემოკრატიებთან მიერთებისთვის - ეს იყო ეკონომიკის მოდერნიზება, კორუფციის უდიდესი შეზღუდვა და მილიარდობით საგარეო ინვესტიციის მოზიდვა. ახლა მათ რეალურად კონკურენტული არჩევნები ჩაატარეს და დათანხმდნენ გამარჯვებულისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ბ-ნმა ივანიშვილმა შეძლო მთავრობის ხარვეზებით იმედგაცრუების გამოყენება (მათ შორის არის წამება პენიტენციარულ სისტემაში და უმუშევრობა). მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული მემკვიდრეობა დატოვა; ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მოითხოვონ, რომ ახალი რეჟიმი ამაზე დაფუძნდეს და აშენდეს.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ