აფეთქებით შეხვდნენ... - კვირის პალიტრა

აფეთქებით შეხვდნენ...

НЕЗАВИСИМАЯ

გასული კვირის აფეთქებებმა და სროლებმა ცხინვალისა და ქართული სოფლის, ზემო ნიქოზის მცხოვრებნი ააფორიაქა. ოსები და ქართველები ერთმანეთს აბრალებდნენ პროვოკაციებს. მომხდარის შესახებ შეატყობინეს ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებენ.

სიტუაციის გამწვავება რეგიონში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, პიტერ სემნების ვიზიტს დაემთხვა.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, შუაღამისას ქართული მხრიდან ცხინვალს ნაღმტყორცნები დაუშინეს. ცხინვალში ამბობენ, რომ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს სამხედრო დახმარება გაუწიოს, ხოლო ევროპელ მეთვალყურეებს - ამერიკელი კოლეგებიც შეუერთდნენ.

ღამის ინციდენტის შესახებ ზემო ნიქოზის მცხოვრები გიორგი მინდიაშვილი ჰყვება, რომ თორმეტ საათს ცოტაღა აკლდა, როცა სროლა დაიწყო. «ის იყო ტელევიზორის ყურება დავაპირე, რომ ჯერ ავტომატის ჯერი, მერე კი რამდენიმე აფეთქების ხმა მომესმა. ხმის მიხედვით მივხვდი, რომ ოსური მხრიდან ესროდნენ ჩვენს სოფელთან განლაგებულ ქართულ ბლოკპოსტს. სროლა ერთ საათს გაგრძელდა». ზემო ნიქოზის მცხოვრებნი შეშინდნენ - სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი ერთი წლის წინ, რაც ფართომასშტაბიანი ომით დასრულდა.

მომხდარმა თბილისიც შეაშფოთა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ აქვს რუსეთის მხრიდან აგრესიის მცდელობის დამადასტურებელი ინფორმაცია. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურის ვლადიმირ შამანოვის ამასწინანდელ განცხადებაზე. მალაშხიას აზრით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცირე ავიაციის შექმნის გადაწყვეტილება, სადაც ჩანერგილი იქნება უპილოტო მფრინავი აპარატები, მოსკოვის აგრესიული ზრახვების დამადასტურებელია.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია რუსულ პრესაში პუბლიკაციების სერია ისლამისტ «ბოევიკებზე», რომლებიც ვითომდა კვლავ პანკისში არიან დაბანაკებულნი - რაც «პრევენციული დარტყმების აუცილებლობაზე გვაფიქრებინებს».

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, აფეთქებებში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ.

შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი კი პანკისის ხეობაში «ბოევიკების» ყოფნას უარყოფს. «პანკისის ხეობაში ერთი «ბოევიკიც» არ არის, ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას», - აცხადებს ის.

პიტერ სემნები თბილისიდან აფხაზეთში გაემგზავრა. მან შეშფოთება გამოთქვა ცხინვალისა და ზემო ნიქოზის ინციდენტის გამო. ის სოხუმის შემდეგ ცხინვალში ჩასვლას და იქაურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებს.

რეგიონში ამერიკელ დამკვირვებელთა შესაძლო გამოჩენის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაღიზიანების პასუხად სემნებიმ თქვა, რომ მისიაში აშშ-ის ან სხვა ქვეყნების მონაწილეობის საკითხი არ დგას. «თუმცა შეგვიძლია საქართველოს თხოვნის განხილვა მისიის გაფართოების შესახებ. ქართული მხრიდან არგუმენტები უნდა შევისწავლოთ და დავასკვნათ, რამდენად აუცილებელია მისიაში სხვა ქვეყნების დამკვირვებელთა ჩართვა», - აღნიშნა მან.

ამასთან, ცხინვალში შეშფოთებული არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სწავლების «ფარი-2009» ჩატარებით. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული არმია დღეს უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა და კიდევ ერთხელ შეახსენა ამის შესახებ «რუს აგრესორებს».