საქართველოს ლიდერი გამოცანაა - კვირის პალიტრა

საქართველოს ლიდერი გამოცანაა

20 წელზე მეტი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მას შემდეგ დასავლეთი ამ სივრცეში არაერთი სხვადასხვაგვარი ლიდერის მომსწრე გამხდარა. ესენი იყვნენ საბჭოთა "აპარატჩიკები", მგზნებარე ნაციონალისტები, კა-გე-ბეს“გაწვრთნილი რკინის კაცები,  მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა, არც ერთ მათგანს ოდნავადაც კი არ ჰგავს.

დასავლეთის ლიდერებს ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს, ბატონ ივანიშვილს შეჰგუებოდნენ. მისი ეროვნულ ლიდერად ქცევიდან რამდენიმე საათში განგაში ატყდა: როგორც კი სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, ივანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სააკაშვილს გადადგომა ურჩია. მომდევნო დღეს ნათქვამი უარყო. როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ეს დასავლეთს შეაშფოთებდა.

პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა უბრალო რამ არ არის. აშშ-მა ექსტრაორდინარული რესურსები ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან პროდასავლური საყრდენია და ენერგო და სამხედრო საქონლის გადასაზიდად სატრანზიტო არეალია. ივანიშვილის საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობის დოსიე იმდენად მწირია, რომ ძნელია, გავიგოთ, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს მომდევნო თვეებში.

"თუკი პოლიტიკის ენაზე ვიტყვი, ის სუფთა ფურცელია, - ამბობს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი, - და მზად არის იმისთვის, რომ მასზე ბევრი დაწერს პოლიტიკურ კონცეფციებს."

ივანიშვილის პირველი კონტაქტები დასავლეთის მაღალჩინოსნებთან, ცნობილი ვაშინგტონელი ლობისტების მცდელობის მიუხედავად, იოლად არ წარმართულა. მაგალითად, ივნისში, როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია, ბატონმა ივანიშვილმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე, თუკი სახელმწიფო მდივანი მას პირისპირ არ შეხვდებოდა (ამგვარი რამ მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირების შემთხვევაში ხდება) და არა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, რომლებსაც ის არალეგიტიმურად მიიჩნევდა. ყველა მხარემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ივნის-ივლისში ურთიერთობებში აშკარა სიგრილე იგრძნობოდა.

აშშ-ის ახალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ჩასვლამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში, ბ-ნი ივანიშვილის კავშირი აშშ-თან გააუმჯობესა და ეს ორი ადამიანი, როგორც მათი თანაშემწეები ამბობენ, ხშირად დღეში ორჯერ ხვდება ერთმანეთს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეეცდება, შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აშშ-თან და გააგრძელოს ქვეყნის ნატოში გაწევრების კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებს.

"ის ახალბედაა. ამას თავისი კარგი და ცუდი მხარეები აქვს, - თქვა დე ვაალმა, - ცუდი ის არის, რომ არაპროგნოზირებადია და საკმაოდ ექსცენტრიკულ რაღაცებს ამბობს. კარგი კი ისაა, რომ ჯერ კიდევ სწავლობს და საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. რჩევასაც უსმენს."

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ