აშშ-ის მოლოდინი - კვირის პალიტრა

აშშ-ის მოლოდინი

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, - საპარლამენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიის ტესტი იქნებაო, მაგრამ არავის ეგონა, ის ამ ტესტს დამარცხების აღიარებით თუ გაივლიდა.

ახლა აშშ გაფაციცებით ელოდება ნახოს, ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის დარი დემოკრატიის მიმდევრები არიან თუ არა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, თომას მელიამ განაცხადა, საქართველოში ჩინებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ ხელისუფლების გადაცემა იმედის მომცემია, თუმცა, დემოკრატიის გასაძლიერებლად გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

გამოცდილი დიპლომატისა და ივანიშვილის მრჩევლის, თედო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილმა გამოიყენა "დემოკრატიის შუქურის" ხატი, რომელიც 2005 წლის ვიზიტისას თბილისში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეუქმნა. "აშშ-მა შექმნა თავისი საკუთარი ისტორია. "ვარდების რევოლუციას" საქართველოსთვის დემოკრატია არ მოუტანია; ეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიისკენ გადადგმული ევოლუციური ნაბიჯი იყო. ჩვენი გამარჯვება ამ პროცესის ნაწილია", - ამბობს თედო ჯაფარიძე.

ივანიშვილმა უნდა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ სანდო პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს, ნატოს გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია და მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ აშშ-ში იქნება.

"მისი საგარეო პოლიტიკის სტილი სააკაშვილის სტილისგან ჯერჯერობით, დიდად განსხვავდება.  საერთაშორისო, აშშ-სა და ნატოსთან პარტნიორულ ურთიერთობებში საქართველოს როლზე ივანიშვილს მოკრძალებული ხედვა აქვს", - ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანაშემწე კორი უელტი.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კონფრონტაციულმა მიდგომამ რუსეთთან, მას მეგობრები კი გაუჩინა ვაშინგტონში, მაგრამ ეს საქართველოსთვის დამღუპველი გამოდგა. ივანიშვილს ესმის, თუ რა გამოწვევებს უქმნის რუსეთი საქართველოს, თუმცა თვლის, რომ საქართველოსა და დასავლეთისთვის საუკეთესო იქნება, თუკი საქართველო რეგიონში ხიდის ფუნქციას შეასრულებს და არა ბერლინის კედლისას.

2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, სააკაშვილის ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშის ნეოკონსერვატიული გუნდის ფავორიტი იყო. მაგრამ საქართველოს მხარდაჭერა თავის დროზე ბილ კლინტონმა დაიწყო. მან შევარდნაძესთან ერთად შექმნა ბაქო-თბილისი-ჯეიHჰანის ნავთობსადენი. აშშ-ის ორივე პარტია ერთნაირად ეკიდება საქართველოს.

"საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს აშშ-თან. ეს ურთიერთობა არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში", - ამბობს პოლიტიკური კონსულტანტი სემ პატენი, რომელიც სააკაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან მუშაობდა.

"კრისჩენ საიენს მონიტორი", აშშ