"ეს უკანასკნელი წვეთი იყო..." - კვირის პალიტრა

"ეს უკანასკნელი წვეთი იყო..."

"ვარდების რევოლუციის" იდეოლოგი, ექსპერტი ლევან რამიშვილი ხსნის, თუ რატომ წააგო მიხეილ სააკაშვილის პარტიამ: - მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა. სწორედ ამან მიიყვანა ამგვარ შედეგამდე. წინა ხელისუფლების სოციალური ბაზა სოფლის მოსახლეობა და ქალაქის საშუალო კლასი იყო. თუ "ვარდების რევოლუციამდე" პოლიტიკური პროცესი მონოპოლიზებული იყო ყოფილი ნომენკლატურის ვიწრო კასტით, რევოლუციით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობა გაიზარდა - ეს იგრძნობოდა არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკაშიც. თუ რევოლუციამდე გადასახადი 15%-ს აღწევდა, ამ ციფრმა 30%-ს მიაღწია, ანუ გაორმაგდა. ამას დაემატა ადმინისტრაციული გადასახადების აკრეფის მეთოდები, რამაც გამოიწვია ქალაქების საშუალო ფენის უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. თუმცა, მხოლოდ ამან არა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მოდერნიზაცია ჩვენთან გაგებული იყო ისე, რომ მისი მოტორი სახელმწიფო გახდა, ანუ თავდაპირველად, პირველ ეტაპზე, აქცენტი თავისუფალ ბაზარზე კეთდებოდა და ეს კარგი იყო. მერე კი იფიქრეს, თუ ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების ასე ეფექტიანად რეფორმირება შეძლეს, ეფექტიანი სახელმწიფო კორპორაციების შექმნაც მოახერხონ, რომლებიც იტვირთავენ იმ პრობლემებს, სადაც ბაზარი არ მოქმედებს.

მიმაჩნია, თავდაპირველი კურსი რომ შენარჩუნებულიყო თავისუფალ ბაზარზე, და არა რაღაც "დირიჟორობაზე", საშუალო კლასი ასე არ გაუცხოვდებოდა.

"ნაცმოძრაობის" ადრინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, ვფიქრობ, დიდი დრო დასჭირდება. ეს არჩევნები პროტესტის გამოხატვა იყო. ეს რეფერენდუმი იყო და არა ერთი პოლიტიკის ნაცვლად მეორის არჩევა. ყოფილი მმართველი პარტიისადმი ნდობის დაკარგვამ მოამზადა ნიადაგი საიმისოდ, რომ ციხის სკანდალურ ვიდეოს ასეთი გადამწყვეტი როლი შეესრულებინა და ბოლო წვეთი გამხდარიყო. რასაკვირველია, ის, რაც ციხეებში ხდებოდა, საშინელება იყო, რამაც ხალხი სამართლიანად აღაშფოთა, მაგრამ ნდობის ეროზია რომ არა, ეს აღშფოთება ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა. ამ ნდობის აღდგენის გარეშე "ნაცმოძრაობის" დაკარგულ პოზიციებზე დაბრუნების პროგნოზირება გაჭირდება.

"კომერსანტი", რუსეთი