ირანის ტესტი ამიერკავკასიისთვის - კვირის პალიტრა

ირანის ტესტი ამიერკავკასიისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და აზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მოიარა. მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო რეგიონის სუბიექტების აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიული ფასეულობების განვითარება და, არააფიშირებული მონაცემებით, ირანისა და სირიის საკითხებში ვაშინგტონთან პარტნიორობა.

ის, რომ ერიკ რუბინი გაეცნო ირანისადმი ამიერკავკასიის ლიდერების განწყობას, მხოლოდ თბილისში შეხვედრების შედეგად გახდა ცნობილი. აზერბაიჯანული წყაროები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ ძუნწ ცნობებს იძლეოდნენ. იტყობინებოდნენ, რომ განიხილეს ეკონომიკური, სამოქალაქო უფლებების საკითხები და ყარაბაღის პრობლემები. ერევანი უფრო სიტყვაძუნწი აღმოჩნდა - ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებსა და ატომურ ენერგეტიკაზე იყო საუბრებიო.

თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტების დროს ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს თითქმის არასოდეს აქვთ დიფერენცირებული პროგრამები ცალკეული ქვეყნებისთვის. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გარკვეულწილად მსგავსი პრობლემებით, არამედ ეთიკური ნორმებითაც - აშშ ცდილობს ხაზი გაუსვას ბაქოსთან, ერევანსა და თბილისთან პარტნიორობის თანაბარუფლებიანობას. ამიტომ, თუ ერიკ რუბინმა ქართველ ლიდერებთან განიხილა აშშ-ისთვის მეტად საჭირბოროტო ირანის საკითხი, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბაქოსა და ერევანში ამაზე არ ესაუბრათ.

თბილისში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საწინააღმდეგო პოლიტიკის მხარდაჭერას. "თბილისში პრეზიდენტს და საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე ირანში ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შესახებ. ჩვენ მშვენივრად ვთანამშრომლობთ თურქეთ-სირიის საკითხშიც. საქართველო მოწოდებულია რეგიონში მშვიდობისმყოფლის როლის აღსასრულებლად", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

პაციფისტური შეფერილობის ამ განცხადებას თბილისელმა ექსპერტებმა სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს. მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას რუბინი უნდა დარწმუნებულიყო, რომ საქართველოში, ხელისუფლებაში ცვლილებების მიუხედავად, ირანთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვაშინგტონი  თეირანის საწინააღმდეგო აქტიური ქმედების შემთხვევაში თბილისს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს. რუბინის საქართველოში ჩასვლამდე პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ხანს, პრეზიდენტის პროგრამის ჩარჩოებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აშენდა აშშ-ის ტიპური სამხედრო ჰოსპიტლების მსგავსი საავადმყოფოები. თუ ამას დავუმატებთ ისეთი აეროპორტების ინტენსიურ რეკონტრუქციასა და მშენებლობას, რომლებსაც მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება შეუძლიათ და სხვა ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწესრიგებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყოველივე ამის მიზანი მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა როდია.

თუმცა, თბილისში ერიკ რუბინმა მხოლოდ ირანზე არ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთის ჯარების არსებობა საქართველოში (იგულისხმა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში). "აშშ-ს აშკარა და მყარი პოზიცია გააჩნია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ", - განაცხადა მან. რუბინმა წარმატება მიულოცა ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, - პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დამსახურებაა ის, რაც ახლა საქართველოში ხდება და ეს მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოაო.

ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასაც შეხვდა და მისგან დაპირება მიიღო, რომ საქართველო ავღანეთის საკითხზე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს. რუბინმა კი მას აღუთქვა, რომ აშშ უფრო მტკიცედ ამოუდგება მხარში საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი