დასავლეთს საქართველოს სიღარიბე "აძრწუნებდა"? - კვირის პალიტრა

დასავლეთს საქართველოს სიღარიბე "აძრწუნებდა"?

Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატია, საქართველოში სიღარიბით "შეძრწუნებულ" დასავლელ ექსპერტებზე, თავზარდამცემი იყო: ბევრი ახლა უკვე თამამად აღიარებს იმას, რომ დიდმა დემოკრატმა და რეფორმატორმა, "ამერიკის საიმედო პარტნიორმა" შექმნა მასობრივი პოლიტიკური დევნის გარემო. სააკაშვილის ავტორიტარიზმისკენ ამაზრზენი მიდრეკილების თაობაზე იცოდნენ მათ, ვინც Freedom House-ს ყოველწლიურ მოხსენებებს კითხულობდა. ბევრი საჭიროდ თვლიდა ამ ფაქტის მიმალვას, ზოგიერთი დაჟინებით და დაწვრილებით აფიქსირებდა მიშას ვესტერნიზაციის ექსპერიმენტის მახინჯ მხარეებს. სტატიაში ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გაგვაოცა, რომ თურმე დასავლელმა ექსპერტებმა საქართველოს საკითხში, რომელთა პროფესიული ვალდებულება იყო დანარჩენებისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესების ახსნა-განმარტება, თვითონვე ნაკლებად იცოდნენ ეს საკითხები.

სტატიაში ნათქვამია: "როლი სხვა ფაქტორებმაც ითამაშა, რაც დასავლელ ექსპერტებს გამორჩათ". მაგრამ რა სხვა ფაქტორებზეა საუბარი? რამ დაუბნელა გონება უცხოელ ექსპერტებს? ქართული სულის რა იდუმალი და ამოუცნობი მხარეები ვერ აღიქვეს? თურმე დასავლელმა ექსპერტებმა ორი ფაქტორი ვერ შენიშნეს: 1. ის, რომ საქართველო მართლაც ღარიბი ქვეყანაა; 2. უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში რეალურად დიდია. კი მაგრამ, როგორ მოხდა, რომ ეს ორი ფაქტორი შოკის მომგვრელი აღმოჩენა გახდა დასავლელი ექსპერტებისთვის? თუკი შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე და უმუშევრობის მაჩვენებელს არ აკვირდებოდნენ, მაშინ რას აკეთებდნენ? თუკი თუნდაც დაახლოებული წარმოდგენა არ ჰქონიათ ქვეყნის განვითარებაზე, მისი შრომის ბაზრის მდგომარეობაზე, მაშინ არაფერი სცოდნიათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა.

აუცილებელი არ არის საქართველოს საკითხებში ექსპერტობა, რომ იცოდე, მიუხედავად სააკაშვილის თვალსაჩინო მიღწევებისა, საქართველო, ჯერჯერობით ღარიბი ქვეყანაა, სადაც სუფევს უთანასწორობა და უმუშევრობა. ეს ფაქტი სახელმწიფო საიდუმლოება არ ყოფილა. ამის გამოკვლევა ძნელი არ არის.

რატომ გახდა მავანისთვის მოულოდნელი ის, რომ მოსახლეობას არ მოსწონს მთავრობა, რომელმაც ქვეყანა უმუშევრობის 15%-იან მაჩვენებლამდე მიიყვანა? რა არის ამაში მოულოდნელი?

საქართველოს გამოცდილება ბევრის მთქმელია, მაგრამ თვალში საცემია ის, რომ ჟურნალისტები და ექსპერტები ხშირად ყურადღებას ტემპებზე ამახვილებენ და არა დონეზე. საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ეს მართლაც იმსახურებს აღფრთოვანებას. რა თქმა უნდა, მზარდი ეკონომიკა უფრო სასურველია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა მცირეა, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ არათანაბარია და ყველაზე მეტად ხეირობენ სოციალური სექტორის გარკვეული სფეროები. სწორედ ეს იყო მოსახლეობაში საქართველოს მთავრობის არაპოპულარობის მიზეზი. ამიტომ, თუკი გვსურს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გაგება, უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება საშუალო შემოსავალსა და უმუშევრობის დონეზე და არა ისეთ უაზრობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი.

"ფორბსი", აშშ