"ქართული არმია მობილური და პატარა იქნება" - კვირის პალიტრა

"ქართული არმია მობილური და პატარა იქნება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას ინტერვიუ.

- რა განსხვავება იქნება თავდაცვის დარგში თქვენს პოლიტიკასა და წინა მთავრობის პოლიტიკას შორის?

- უპირველესად უნდა გაიზარდოს თავდაცვის უწყების გამჭვირვალობა და გაძლიერდეს სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. მეორე - კარგად უნდა გამოვიკვლიოთ და გავაცნობიეროთ, რა ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში ბოლო ოცი წლის მანძილზე, რატომ დავმარცხდით რუსეთთან, აგრეთვე სხვა დაბრკოლებები, რათა გავიგოთ, რა სისტემური პრობლემები გაგვაჩნია. მესამე - ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრირება მოვახდინოთ. ჩვენ ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებში ვმონაწილეობთ. ქართული ჯარი მისიის დასრულებამდე იქ დარჩება.

საქართველოს ერთი მესამედი ოკუპირებულია. ჩვენ პოლიტიკურად შევაფასეთ და არ ვაპირებთ ამ რეალობის შეცვლას სამხედრო გზით, მხოლოდ დიპლომატიით. ვფიქრობ, ეს პრობლემა ბოლოს და ბოლოს, გადაწყდება, რადგან რუსეთმა ხელი მოაწერა ევროპელების შუამავლობით შემუშავებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას და ის უნდა შესრულდეს. მაგრამ ჩვენ გვემუქრება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე, ამაზე სწრაფი და მობილური რეაგირებაა საჭირო, რისთვისაც საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს პატარა, მაგრამ მობილური არმია.

- პატარა - მაინც რა რაოდენობის?

- ახლა შტატში 30 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტია. უკვე მაქვს გეგმა, როგორ შეიძლება ამის შეცვლა...

- მეტი იქნება თუ ნაკლები?

- ნაკლები. ჩვენთვის მთავარია ტრანსპარენტულობა. ახლა უწყებაში ქაოსია. სამ-ოთხ თვეში ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ, საქართველო სანიმუშო სახელმწიფო იქნება, პატარა, მობილური არმიით.

- რამდენად არიან სამხედროები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულნი?

- ყველა უწყება, ძალოვნების ჩათვლით, სააკაშვილის მმართველობისას პოლიტიზებული იყო. ერთი წელი უწყებას დამნაშავეები მართავდნენ ახალაიას მეთაურობით. მაგრამ ჩვენი სამხედროები პატრიოტები არიან. ისინი ხედავდნენ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს კი არა, პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა და ეცადნენ, ამ პოლიტიკურ დრამაში არავის ჩაეთრია. მე გენშტაბის ოფიცრების და სხვა სამხედრო უწყებების სამხედროების იმედიც მაქვს.

- როგორი იყო სამხედრო მოსამსახურეთა კენჭისყრის შედეგები?

- რასაკვირველია, უმრავლესობამ - 80%-მა - სახელისუფლებო პარტიას მისცა ხმა, რადგან იცოდნენ, ერთი ხმაც რომ ენახათ მათ საწინააღმდეგოდ, მთელ ბატალიონს დასჯიდნენ. ჩემი მთავარი ამოცანაა, თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს დეპოლიტიზება.

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

"რია ნოვოსტი", რუსეთი