ვაშინგტონი - კვირის პალიტრა

ვაშინგტონი

EURASIANET.org

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიადაგი მოსინჯა - გაზეთ Washington Post-ს განუცხადა,

მინდა ვაშინგტონმა საქართველოს მოაწოდოს თავდაცვითი"შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო მოწყობილობებიო. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოზე კვლავ თავდასხმას აპირებს და ამერიკული შეიარაღების მიღება ცხელ თავებს გააგრილებსო.

«ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სააკაშვილის მოთხოვნაზე უარი თქვა, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტა უოლანდერმა, - მომავალში ჩვენ ამ საკითხს შეიძლება დავუბრუნდეთ, მაგრამ სავსებით ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ საქართველო ამგვარი შენაძენებისთვის მზად არ არის. და მაინც, ვაშინგტონი საქართველოს ეხმარება სამხედრო თანამშრომლობის საპასუხისმგებლო და სრულყოფილი პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია წვრთნასა და სამხედრო მომზადებაზე».

უოლანდერი სიტყვით გამოვიდა 29 ივლისს, ევროპაში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში აშშ-ის კონგრესის  ქვეკომიტეტის მოსმენებზე, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვას" და პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოსკოვში ვიზიტსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქართულ-უკრაინულ ტურნეს მიეძღვნა.

იარაღის მიყიდვაზე უარის გარდა, უოლანდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს ევროკავშირის მისიაში მონაწილეობას, რომელიც 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმის შესრულებას აკვირდება. მან თქვა, რომ ევროკავშირს მისიის მუშაობაში ვაშინგტონი არ მიუწვევია, ამდენად, ამერიკის მონაწილეობაზე საუბარი ადრეა.

კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, დემოკრატი კონგრესმენი მასაჩუსეტსიდან, უილიამ დელაჰანტი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ აღარ არის საჭირო აშშ უფრო ჩაერიოს საქართველოს სამხედრო საქმეებში: - «ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ გვიყენებენ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. თუკი ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ვაპირებთ, რატომ ვამძაფრებთ სიტუაციას?» - თქვა დელაჰანტმა. 28 ივლისს სააგენტო «ინტერფაქსმა» გაავრცელა  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმური მოხელის ნათქვამი, - ამერიკელების ჩართვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში საგრძნობლად გაზრდის"საზღვარზე პროვოკაციების ალბათობასო.

უოლანდერმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს თვითგამორკვევის უფლებას საგარეო პოლიტიკაში და აღნიშნა, - რუსეთს მეზობელ ქვეყნებში ინტერსების პრივილეგია არ უნდა ჰქონდესო. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ფილიპ გორდონიც (სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საქმეებში), რომელიც კონგრესში ასევე სიტყვით გამოვიდა.

მოსმენების ნაწილი მიეძღვნა ირანის ბირთვული პროგრამის ჩასაშლელად აშშ-ის მცდელობაზე რუსეთის რეაქციას. გორდონის თქმით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ამერიკას რუსეთისგან უფრო სერიოზული მხარდაჭერის მიღება შეუძლია; პროგრამა, «ბალისტიკური იარაღის საფრთხის ერთობლივი შეფასების» შემუშავებაზე, რომელიც, უპირველესად, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ეძღვნება, შესაძლოა, ამ მიმართულებას დაეხმაროს.

«ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ამერიკელ ანალიტიკოსთა ჯგუფი რუსეთში ჩავა და თავის რუს კოლეგებს შეხვდება, - განაცხადა გორდონმა, -"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრენინგი დაარწმუნებს მათ იმაში, რისიც ჩვენ გვწამს. თუკი ირანი ჩვენს მოთხოვნებს მალე არ უპასუხებს, მართლაც მოგვიწევს ქვეყანაზე ზეწოლის გაძლიერება... მაგრამ ამ ძალისხმევას ხელს უშლის რუსული ანტაგონისტური აზროვნება"და იმის რწმენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი გამარჯვება საგარეო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის აუცილებელ დამარცხებას ნიშნავს. ხანდახან მეჩვენება, რომ რუსები ორ ცეცხლს შუა არიან, და ვერ ხვდებიან, რა ქნან. იმოქმედონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად და ხელი შეუშალონ ირანის მიერ ბირთვული ბომბის მიღებას, თუ საკუთარ სურვილს აჰყვნენ და როგორმე ხელი შეგვიშალონ, ახლო აღმოსავლეთში დიდ დიპლომატიურ წარმატებას მივაღწიოთ», -დასძინა მან.