გასასამართლებელი თუ სამკურნალო? - კვირის პალიტრა

გასასამართლებელი თუ სამკურნალო?

საქართველოში არ ცხრება მსჯელობა სერგეი უდალცოვთან დაკავშირებული სკანდალის გამო - ამ სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეა. ადგილობრივ ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ხავერდოვანი რევოლუციების" ექსპორტთან დაკავშირებული თარგამაძის ქმედებები საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილი იყო და თარგამაძის ფენომენი სამედიცინო თვალსაზრისით უნდა განიხილებოდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება აპირებს გამოიძიოს, თუ რამდენად იყო დაკავშირებული გივი თარგამაძე უდალცოვის საქმესთან. გივი თარგამაძე კი კატეგორიულად უარყოფს, რომ ფარული კამერით სკანდალურ ვიდეოზე სწორედ ის არის აღბეჭდილი, თუმცა, თარგამაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან არის დაინტერესებული სერგეი უდალცოვის ბედით. თარგამაძე აცხადებს, რომ სიამოვნებით გაუზიარებს რუსეთის ოპოზიციას თავის გამოცდილებას მშვიდობიანი რევოლუციების ჩატარების თაობაზე, რადგან საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ, უდალცოვის მსგავსად, ისიც ოპოზიციაში აღმოჩნდა.

ცხადია, გივი თარგამაძეს "ხავერდოვან რევოლუციებში" მონაწილეობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. საქართველოში 2003 წელს მომხდარი "ვარდების რევოლუციის" დროს ის პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა უკრაინის "ნარინჯისფერ რევოლუციაში" და ბიშკეკის მოვლენებში, პრეზიდენტ აკაევის დამხობაში. მაშინ სააკაშვილმა თარგამაძე შეაქო და აღნიშნა, "თავისუფლების ინსტიტუტის" აქტივისტები ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჯორებით გადავიდნენ, რადგან ბიშკეკის აეროპორტიდან არ გამოუშვესო.

გივი თარგამაძე განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშაობდა ბელორუსში. ცნობილია, რომ აქტიური კავშირი ჰქონდა ბელორუსის ოპოზიციასთან. მინსკში ოპოზიციური გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს თარგამაძისა და ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნის დიპლომატის სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსი ოპოზიციონერის მოკვლას სთავაზობს - ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ბელორუსის პრეზიდენტის რეზიდენციის საიერიშოდ ხალხის დაძვრაო.

ამის მერე, იულია ტიმოშენკოს თხოვნით, გივი თარგამაძის "დესანტი" გადასხეს უკრაინის ქალაქ დონეცკში, არჩევნების სამეთვალყურეოდ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ "დაუპატიჟებელი სტუმრები" ქალაქიდან გააძევა, ზოგიერთს ცემა კიდეც. გაბრაზებულმა თარგამაძემ სატელეფონო საუბარში დაიქადნა, - დონეცკს ჰაერში "ავწევო". ეს საუბარიც ეთერში მოხვდა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ხუხაშვილმა თქვა: "თარგამაძე ყველაფერს იმდენად უხეშად და არაპროფესიულად აკეთებდა, რომ დავასკვენი: ეს კაცი ავადმყოფია და თუ ავადმყოფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ეს უკვე ზიანის მომტანია. ახლა საკითხი ასე დგას: სად, რომელ ქვეყანაში გაასამართლებენ მას - სამშობლოში ან სხვაგან, თუ სად უმკურნალებენ?

"RFI-ის რუსული სამსახური", საფრანგეთი