თავზარდაცემულები - კვირის პალიტრა

თავზარდაცემულები

ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ვეტერან ჯერემი როზნერის თავზარი დასცა მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ. როზნერი მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკური სოციოლოგია. ის კონსულტაციებს უწევდა ტონი ბლერს, ისრაელის ლეიბორისტულ პარტიას, ვიქტორ იუშჩენკოს. სააკაშვილისთვის 2007 წლიდან მუშაობს, მისი გამოკითხვები ყოველთვის ზუსტი იყო.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე როზნერი  დარწმუნებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში. მისი შიდა გამოკითხვების თანახმად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"55% ჰქონდა, "ქართულ ოცნებას" - 33%. თითქმის იგივე შედეგი იყო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 25%-იანი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა ეს გამოკითხვები 19 სექტემბრამდე იყო ჩატარებული. ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შედეგად ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. მაგრამ ჯერემი როზნერი ამას არ შეუშფოთებია.

ერთი სკანდალიც არ მეგულება მსოფლიოში, რომელსაც 20%-იანი უპირატესობა შეეძლო გაენიავებინაო, - თქვა. ციხის კადრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ივანიშვილის სასარგებლოდ, თუმცა არსებობდა სხვა ფაქტორებიც, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებს და დამკვირვებლებს მხედველობიდან გამორჩათ. შესაძლებელი იყო იმის მიხვედრა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბევრ მხარდამჭერს დაკარგავდა. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში 43%-მა ან არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას, ან უარი განაცხადა დაეფიქსირებინა თავისი სიმპათია. ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებდნენ, თბილისი დიდი ხანია ოპოზიციის საყრდენიაო. თუმცა თბილისის გარეთაც ბევრი იყო ხელისუფლებით უკმაყოფილო, განსაკუთრებით ხელმოკლე და დიდი ხნის მანძილზე უმუშევრად დარჩენილნი.

თუ რატომ გამორჩა დასავლეთს ეს ფაქტორები, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ მათ ყურადღება უფრო ციხის კადრებზე გაამახვილეს. თუმცა გადაჭარბებულია ვარაუდი, რომ ამ ვიდეოკადრებმა გავლენა მოახდინა არჩევნების ბედზე. ამ ვიდეოკადრებზე ასახული სცენები ერთი წლის წინანდელია და ოპოზიციურმა არხებმა გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა ამ ვიდეოკადრებზე, დაგმო ძალადობა და პასუხისმგებელი მინისტრები გაათავისუფლა თანამდებობებიდან. ჩანს, მას იმედი ჰქონდა, მიღებული უკომპრომისო და სწრაფი ზომები მოაგებინებდა არჩევნებს, ამომრჩეველთა ნაწილი ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, მაგრამ არა იმდენი, რომ 25%-იანი უპირატესობა დაეკარგა.

"საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში არსებული უკმაყოფილების დანახვა. იგივე დაემართათ დასავლელ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ საქართველოს მშპ-ს ზრდით და მაღალი ადგილებით საერთაშორისო ინდექსებში", - ამბობს კავკასიის საკითხების ექსპერტი მაიკლ სესირი.

"ფორინ პოლისი", აშშ