ამერიკის კულტივირებული მოკავშირეები - კვირის პალიტრა

ამერიკის კულტივირებული მოკავშირეები

Newsweek

ვაშინგტონი თავისი მოკავშირეების კულტივირებას ეწევა, მაგრამ მათით ყოველთვის როდი ამაყობს. სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან კარგი

ურთიერთობებისთვის ვაშინგტონი ზოგჯერ თვალს ხუჭავს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, შიდა არაპოპულარობასა და ამ ქვეყნების ლიდერთა ხასიათის ნაკლოვანებებზე, თუკი პოლიტიკური ლიდერი ან მისი ქვეყანა ამერიკის რეგიონალურ ინტერესებს ემსახურება. ზოგჯერ ლიდერები რთული ადამიანები არიან და არაერთგვაროვან პოლიტიკას აწარმოებენ.

ლიდერი: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

რა მოსწონს ამერიკას მისი: სააკაშვილის დასავლური მიდრეკილებები აშკარაა. 2003 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სააკაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მოპოვებას ცდილობდა. მან არსებითი ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, გადააქცია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საფრთხედ რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროსთვის; ის შარშან რუსეთს ეომა კიდეც აჯანყებულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად. ძლიერი ანტირუსული და პროდემოკრატიული რიტორიკის გამო ვაშინგტონმა ის სამხედრო წვრთნებითა და აღჭურვილობით უზრუნველყო.

რა აღიზიანებს აშშ-ს: სააკაშვილის მტკიცების მიუხედავად, რომ ის საქართველოსგან დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნის, განხორციელებული პოლიტიკური რეფორმების ოდენობა მწირია. 2007 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად მან პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება უბრძანა. საერთაშორისო ტრანსპარენტულობის ინდექსით საქართველოს მთავრობა 180-დან

67-ე ადგილზეა. სააკაშვილის წილი დიდია შარშან რუსეთთან ომის პროვოცირებაში. ამერიკასთან მეგობრობა და საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერა რუსეთს განარისხებს.

ლიდერი: უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო

რა მოსწონს ამერიკას მისი: იუშჩენკომ  რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას დარტყმა მიაყენა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უკრაინის ნატოში გაწევრებისკენ მიისწრაფვის. მასაც პერსონალური კავშირები აქვს აშშ-თან. მისი მეუღლე უკრაინული წარმოშობის ამერიკელია.

რა აღიზიანებს აშშ-ს: იუშჩენკოს საპრეზიდენტო ვადა ხასიათდება პოლიტიკური ბრძოლითა და არასტაბილური საპარლამენტო კოალიციებით, რაც მის უნარს, მართოს ქვეყანა, საეჭვოს ხდის. მის კაბინეტს კორუფციაში სდებენ ბრალს, ქვეყნის შიგნით უკრაინის ეკონომიკის განადგურებაში ადანაშაულებენ, მისი პოპულარობის რეიტინგი 5%-ს აღწევს. უკრაინელების უმრავლესობა მხარს არ უჭერს იუშჩენკოს მიზანს - ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს.