ფორთოხლის დიპლომატია - კვირის პალიტრა

ფორთოხლის დიპლომატია

ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომს "უაზრო" უწოდა, მიხეილ სააკაშვილი ანტირუსული რიტორიკისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სპეციალური ინსტიტუტი შექმნა. რუსეთის საკითხებში პრემიერმა პირად წარმომადგენლად გამოცდილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. აბაშიძის მთავარი მიზანი " რუსულ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნებაა. საქართველო კი, თავის მხრივ, რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობის დაბრუნებას გეგმავს.

პრემიერ"მინისტრმა თქვა, რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა უახლოესი დროის ამოცანაა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კი "გრძელი და რთული გზა ელის". ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოების არსებობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საშუალებას არ იძლევა. "სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ზურაბ აბაშიძე მალე დაიწყებენ მუშაობას რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გასაფართოებლად", - აღნიშნა პრემიერ"მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირში შესვლის განუხრელ კურსს და დასძინა, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მოსკოვთან ურთიერთობას.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა საგანგებო წარმომადგენლის მნიშვნელობას და აღნიშნა, " რუსეთი ამ ჩვენს ნაბიჯს სათანადოდ აღიქვამს და ანალოგიურ ნაბიჯს გადმოდგამსო. "რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის მიზანია ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარება, ნდობის ფაქტორის შექმნა, კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ეს იოლი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ რეალისტურად აღვიქვამთ სიტუაციას და გვსურს რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული, მომავალზე ორიენტირებული, მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე კოორდინირებული ურთიერთობის დამყარება", - განაცხადა მან.

იმას, რომ პრემიერმა სწორი არჩევანი გააკეთა, ადასტურებს საგანგებო წარმომადგენლის ბიოგრაფიაც:

ზურაბ აბაშიძემ დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი, ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1993"2000 წლებში იყო ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირსა და ნატოში. 2000 წლიდან 2004 წლამდე იყო საქართველოს ელჩი რუსეთში. მას დიდი კავშირები აქვს დასავლეთსა და რუსეთში.

ჩრდილოელი მეზობლის რეაქციამაც არ დააყოვნა " ის გახლდათ ფრთხილი, მაგრამ კეთილგანწყობილი. "ზურაბ აბაშიძეს კარგად იცნობენ მოსკოვში, - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრის სტატს"მდივანმა გრიგორი კარასინმა, " ის გამოცდილი ადამიანი და დიპლომატია".

ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა იმ მიმართულებების ჩამოთვლისას, რამაც თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს შესაძლოა დაუახლოოს,  აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ეს იყოს არა მარტო ეკონომიკა და კულტურა, არამედ, მაგალითად, უსაფრთხოების პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიაში.

შესაძლებელია, რუს კოლეგებთან პირველი კონტაქტები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექნეს, დავით კირვალიძემ თბილისში რუსი ექსპერტების მიღების მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს სურვილია, რომ ახალ წლამდე აღდგეს რუსეთში ადრე ესოდენ პოპულარული ციტრუსების მიწოდება.

ძალიან მალე თბილისში საკაბელო პროვაიდერები კვლავ აპირებენ თავის პაკეტებში რუსული ტელეარხების ჩართვას...

"ვზგლიადი", რუსეთი