სააკაშვილი ტელევიზიებზე კონტროლს კარგავს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ტელევიზიებზე კონტროლს კარგავს

ოქტომბრის დასაწყისში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა კონტროლი საქართველოს პარლამენტზე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა - ქვეყნის მაუწყებლებზე. ქვეყანაში, სადაც 24 საათის განმავლობაში უყურებენ ტელევიზორს, ეს საინფორმაციო მაუწყებლობის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციასთან, "ქართულ ოცნებასთან", ხმების თითქმის 15% წააგო, რამაც საქართველოს საინფორმაციო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. ტელეკომპანიების მფლობელებს, მმართველებსა და ჟურნალისტებს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუება უწევთ.

არჩევნების შემდეგ სამი ნაციონალური მაუწყებლიდან (კერძო კომპანიები "რუსთავი 2", "იმედი" და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) მხოლოდ ერთი, ყველაზე დიდი ტელეკომპანია "რუსთავი 2" გამოიყურება კვლავინდებურად სააკაშვილის ბანაკის მტკიცე მოკავშირედ. "იმედისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოსტსაარჩევნო ტრაექტორია ნაკლებად ცხადია. მისი ბედი, რომელიც დიდი ხანია ოპოზიციის კრიტიკის ობიექტია, გაურკვეველია. კანონით ორივეს, ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებასაც" და პრეზიდენტ სააკაშვილსაც სიტყვა ეთქმით ამ ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ, საბოლოოდ, ქართული მედიის პოსტსაარჩევნო სიჯანსაღე შეიძლება ფინანსურად ყველაზე გამძლე არხის გადარჩენამდე მივიდეს. არჩევნებამდე სარეკლამო შემოსავლების 70% პროსამთავრობო ნაციონალურ არხებზე, "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" მიდიოდა, მაგრამ დღეს ივანიშვილის მომხრე ტელეკომპანიები ამბობენ, რომ მათი სარეკლამო შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის მთავარია "ტვ-9", თანამგზავრული და საკაბელო საინფორმაციო არხი, რომლის პატრონია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე.

"ტვ-9"-მ შესაძლოა, მთავარი როლი ითამაშა იმაში, რომ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს, რადგან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდიდა მაყურებელს. ის იყო პირველი ტელეკომპანია, რომელმაც ქართულ ციხეებში სასტიკი წამების ამსახველი ვიდეომასალა გადასცა. ითვლება, რომ არჩევნების მიჯნაზე ამ კადრების ჩვენებამ ძლიერ იმოქმედა საზოგადოებრივ აზრზე.

ივანიშვილის ოჯახს, "ტვ 9"-ის გარდა, ეკუთვნის მისი ონლაინგანშტოება "ინფო-9", ასევე რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთისა"“ და საკაბელო და თანამგზავრული პროვაიდერკომპანია "გლობალ ტვ"-ის აქციები. ქართული კანონმდებლობით, სამაუწყებლო კომპანიებში აქციების ფლობა საჯარო პირებს ეკრძალებათ, თუმცა არ ეკრძალება მათ ახლო ნათესავებს. მაგრამ "ტვ-9" არ არის ერთადერთი ისეთი ახალბედა კომპანია, რომლის უკანაც დიდი ფულია. ქართული პოლიტიკური სასწორის მეორე მხარეს დგას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლისა და ყოველკვირეული გამოცემა "ტაბულის" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის, ტელევიზია. ამ არხს სააკაშვილის ახლობელი მილიონერი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე აფინანსებს. განცალკევებით დგას ორი ტელეკომპანია "მაესტრო" და "კავკასია" - მათ დამოუკიდებელი მფლობელები ჰყავთ. ცნობილია, რომ ამ ორ თბილისურ კომპანიას 2011 წლის შემოსავლების 67% ("მაესტრო") და 37% ("კავკასია") ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" რეკლამიდან აქვთ მიღებული. მათ ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ შეძლებენ ისეთივე კრიტიკულები იყვნენ ივანიშვილის მთავრობისადმი, როგორებიც იყვნენ სააკაშვილის ელიტისადმი.

"ევრაზიანეტი", აშშ