ვითომდა გაყინული კონფლიქტები - კვირის პალიტრა

ვითომდა გაყინული კონფლიქტები

ბევრ უცხოელ ექსპერტს სურს გაარკვიოს, როგორ აპირებს ყაზახეთი მუშაობას 2010 წლის ეუთოს თავმჯდომარის როლში. ასტანამ, იმ მისიის განსახილველად, რომელიც მას ორ თვეში დაეკისრება, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე უამრავი საკითხი განიხილეს: რეგიონული უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ეკონომიკა და ადამიანის უფლებები. კონფერენციაზე  Jamestown Foundation-ის ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა წაიკითხა მოხსენება, "გაყინული კონფლიქტები ეუთოს სივრცეში". გაისიდან ყაზახეთმა დახლართულ, რთულ კონფლიქტებთან დაკავშირებით (საქართველო და სამხრეთ ოსეთი, მოლდავეთი და მთიანი ყარაბაღი) გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სოკორმა ასტანაში New Europe-ის კორესპონდენტს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ბრძანეთ, ყაზახეთს, როგორც თავმჯდომარეს, ბევრის მოლოდინი არ უნდა ჰქონდესო. რატომ ფიქრობთ ასე?

- ასტანა  მემკვიდრეობით არა მხოლოდ პრივილეგიებსა და ძალაუფლებას მიიღებს,  არამედ იმ ნაკლოვანებებსაც, რომელიც ეუთოს დასაბამიდან ახასიათებს. ცნობილია, რომ ბოლო 16 წლის მანძილზე ეუთომ თავის  სივრცეში ვერ შეძლო ზოგიერთი კონფლიქტის მოგვარება. ჩემი აზრით, ყაზახეთმა უნდა გააუმჯობესოს მუშაობა და ადრე მიღებული გადაწყვეტილებებიდან უკეთესი შედეგი მიიღოს. მაგალითად, ყველა ვხედავთ, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით  არ სრულდება მედვედევ-სარკოზის ცნობილი გეგმა.

- შეგიძლიათ დაახასიათოთ ის "გაყინული კონფლიქტები", რომელსაც ყაზახეთმა  ყურადღება უნდა დაუთმოს?

- უპირველესად, ექსპერტები უკვე აღარ იყენებენ ტერმინს "გაყინული კონფლიქტები", რადგან "გაყინული" იმას ნიშნავს, რომ მათთან აღარავის არაფერი ესაქმება. ახლა ვიყენებთ ტერმინს "გაჭიანურებული კონფლიქტები". ბევრი მათგანი დაიწყო, როგორც შიდა დაპირისპირება, მაგრამ 1990-იანი წლებიდან თანდათან საერთაშორისო კონფლიქტებად გარდაიქმნა. ყაზახეთმა პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს ავღანეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, მოლდავეთის და ბალკანეთის საკითხები, სადაც უკვე გამოჩნდა კონფლიქტების განახლების ნიშნები. კონფლიქტების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყველაზე გადაუდებელი პრობლემა დღეს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო საზღვრების აღიარებაა.  2008 წელს რუსეთი აცხადებდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პატივსაცემიაო, მაგრამ არ აღიარებს მის მთლიანობას; ნაცვლად ამისა, აღიარებს ორ ახალ სახელმწიფოს (სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს), რომლებიც მანამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ცნობილია, რომ ეუთოს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც ყაზახეთს, ეს ქვეყნები არ უცნია.

უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრების გახსნა. აშშ-მა პირველი ბარიერის გადალახვაში წარმატებას მიაღწია, რადგან თურქეთმა ამ ნაბიჯის გადადგმაზე თანხმობა განაცხადა; მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვრების გახსნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული წინა შეთანხმებების თანახმად, მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარის გამოსვლას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ  ყაზახეთმა, ეუთოს მომავალი თავმჯდომარის როლში აღნიშნოს ამ ორი პროცესის - საზღვრების გახსნისა და მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარის გამოსვლის სინქრონიზაციის აუცილებლობა.